LIVE

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა - რას ნიშნავს ეს?

31 აგვ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 701
გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა - რას ნიშნავს ეს?

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

Reuters-ის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების განცხადებების განხილვა დაჩქარდება, რაც გამოიწვევს იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციას, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან.

ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარება ნიშნავს, რომ იქ არ არსებობს სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს.

გერმანიის მთავრობა მუშახელის მწვავე დეფიციტის შესავსებად მიგრანტებისთვის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს, თუმცა მიგრაცია კვლავ პოლიტიკურად აქტუალურ საკითხად რჩება.

ლტოლვილთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Pro Asyl საქართველოსა და მოლდოვას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ორგანიზაციის განაცხადებით, უგულებელყოფილია რუსეთის ფაქტორი, რამდენადაც ორივე ქვეყანაში მას ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, Pro Asyl-მა აღნიშნა, რომ საქართველოში პრობლემაა კანონის უზენაესობა და LGBTIQ+ უფლებების დაცვა, ხოლო მოლდოვაში - პრესის თავისუფლება.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან განცხადებების 99.9% უარყოფილია. ისინი ყველა უარყოფილი განაცხადების მეათედზე მეტს შეადგენენ. გერმანიას თავშესაფრისთვის გასულ წელს 8865-მა ქართველმა და 5218-მა მოლდოველმა მიმართა.