LIVE

ვერცხლის "ჭკვიანი ბეჭედი" გაყიდვაშია - Cnick-ი ოქროს მოდელის გამოშვებასაც გეგმავს

03 სექ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
ვერცხლის "ჭკვიანი ბეჭედი" გაყიდვაშია - Cnick-ი ოქროს მოდელის გამოშვებასაც გეგმავს

"ჭკვიანია ბეჭდის" მწარმოებელი ქართული კომპანიის, Cnick-ის ახალი, ვერცხლის სამკაული ცოტა ხნის წინ ყურადღების ცენტრში მოექცა. კალიფორნიაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბეჭედი მეი მასკს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის დედას ეკეთა. Cnick-ის "ჭკვიანი ბეჭედი" Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქციას ითავსებს. 

Cnick-მა ვერცხლისგან დამზადებული "ჭკვიანი ბეჭედი" მაისის ბოლოს გამოუშვა, რითაც პრეცედენტი შექმნა. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ხედვა, ფუნქციური მოწყობილობის გარდა, სამკაულის ესთეტიკური ნაწილის შენარჩუნებაა. კომპანიის თანადამფუძნებელმა, კობა ცერცვაძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მალე იქნება ხელმისაწვდომი ოქროსგან დამზადებული ბეჭედიც.

„ჩვენ არ ვავითარებთ მხოლოდ ტექნოლოგიური ფუნქციების ბეჭედს. ჩვენი ხედვაა სტანდარტული სამკაული ჭკვიანი მოწყობილობით ჩავანაცვლოთ, მაგრამ ისე, რომ შევუნარჩუნოთ ტრადიციული დანიშნულება და ესთეტიკური მხარე”, - აღნიშნავს კობა ცერცვაძე.

რაც შეეხება Tesla-ს მანქანის გასაღებს, Cnick-მა თავისი ბეჭედი ელექტრომობილის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიისთვის, მათგან დამოუკიდებლად, 2019 წელს შექმნა. ავტომობილის გასაღების ინოვაციური მოდელით მალევე დაინტერესდა Tesla-ს საზოგადოება - როგორც მომხმარებელი ისე თავად კომპანია.

„ჩვენ შევქმენით Tesla-ს მანქანაზე მორგებული აპლიკაციის მქონე ბეჭედი, რომელიც მაღალი დაცულობით გამოირჩევა. მომხმარებლების მხრიდან მზარდის დაინტერესების შემდეგ, Tesla-ს ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტიდან დაგვიკავშირდნენ, რომლებმაც მოგვცეს ნებართვა პროდუქტის დამოუკიდებლად განვითარებასა და რეალიზებაზე. ჩვენ ოფიციალურად კომპანიასთან რაიმე ხელშეკრულება, მით უმეტეს ექსკლუზიური ხელშეკრულება არ გვაქვს“, - ამბობს კობა ცერცვაძე, Cnick-ის თანადამფუძნებელი.

Cnick-ი სტარტაპ კომპანიის სახით ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და უკვე მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტზეც დაიმკვიდრა თავი. ხისა და კერამიკისგან დამზადებული, ერთი შეხედვით მხოლოდ ტრადიციული, ესთეტიკური დატვირთვის მქონე ბეჭედი, ავტომობილის გაღების გარდა სხვა ფუნქციებსაც ითავსებს. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე თანამშრომლობს Visa-სთან და MasterCard-თან, შესაბამისად, ის უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენება. ბეჭდის უნიკალურობა სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან შედარებით, გამოიხატება იმაში, რომ დამუხტვა არ სჭირდება.

კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქართულ ბაზარზე დამკვიდრება რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტია საქართველოში იწარმოება, Cnick-მა მშობლიურ ბაზარზე რეალიზაციის დაწყება ვერ შეძლო. კობა ცარციძის თქმით, მათი მიზანი უკონტაქტო გადახდების ნაწილში დამკვიდრებაა, თუმცა პროცესი ქართულ ბანკებთან მოლაპარაკებებმა შეაფერხა.

“ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ქართულ ბაზარზე შემოსვლაა. თავდაპირველად ქართული ბანკების მხრიდან დაინტერესება არ იყო, თუმცა ისევ განვაახლეთ მოლაპარაკებები. ახლაც აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის პოზიტიურად დასრულდება ბანკებთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

კომპანიის თანადამფუძნებელმა პროდუქციის ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასები უფრო დაბალი იქნება. ამჟამად, Cnick-ის ოფიციალურ საიტზე კერამიკისა და ხის ბეჭდების ფასი 119-დან 150-მდე მერყეობს.