TBC Capital-ის თანახმად, თბილისში 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 22%-ით გაიზარდა. ივნისთან შედარებით კი საშუალო გასაყიდი ფასი თითქმის უცვლელი დარჩა და 1 კვ.მ-ზე 1 164 დოლარი იყო.
წლიურად 48%-ით მოიმატა საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელმა ფასმა. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 5% შეადგინა. ივლისში დედაქალაქში 1 კვ.მ-ს გასაქირავებელი ფასი 13.1 დოლარს გაუტოლდა.
TBC Capital-ის მონაცემებით, თბილისში ივლისში სულ 3 336 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. დაახლოებით 8%-იანი კლება იყო თვიურ ჭრილში. ამ ფონზე კი ბაზრის მოცულობა ივნისთან შედარებით 9%-ით, 255 მლნ დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ზრდის მაჩვენებელმა 18% შეადგინა.
ივლისში დიდი რაოდენობით გაიყიდა ძველი ბინები. კერძოდ, ერთ თვეში მათი რაოდენობა 2 655-ს გაუტოლდა. ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ითაა შემცირებული. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი 7%-ინი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ახალ ბინებს, გასულ თვეში 681 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 15%-ით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა, წლიურ ჭრილში გაყიდვები 31%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+29%), ისე ძველი (+22%) ბინების შემთხვევაში.
TBC Capital-ის თანახმად, ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო ლიდერობდა. მას მოჰყვებოდა დიდი დიღომია.
დიდუბეში, კრწანისსა და ისანში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური კლება შეიმჩნეოდა გლდანსა და სამგორში. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სამგორსა (+38%) და ნაძალადევში (+30%) იყო.
ამავე პერიოდში, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე ვაკეში და მთაწმინდაზე 2 000 დოლარს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში კვლავ ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ვაკე (+42%), ნაძალადევი (+40%) და მთაწმინდა (+38%) გამოირჩეოდა. რაც შეეხება ახალ ბინებს, ჩუღურეთში, წლიურ ჭრილში, ფასები გაორმაგდა.