
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე ამბობს, რომ ინვესტირების პროცესში მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებს დაკარგვა არ ემუქრება.
მისი განმარტებით, საპენსიო დანაზოგს იცავს კანონი, ასევე საინვესტიციო საბჭო, რომელიც დანაზოგებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მართავს.
„მონაწილეები კითხულობდნენ, რა გარანტია აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება. გარანტიაა კანონი, რომელიც იცავს მონაწილეების ინტერესებს, ეროვნული ბანკი, რომელიც ამას საკმაოდ მკაცრად არეგულირებს და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, სადაც საერთაშორისო დონეზე შერჩეული, კვალიფიციური ექსპერტები შედიან. ყველაზე კარგი გარანტია მიღწეული შედეგია. ბოლო ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ რეფორმა მუშაობს - 480 მილიონი ლარია მონაწილეების სახელზე დარიცხული სარგებელი“,- განაცხადა მელიქიძემ ეროვნულ ბანკთან საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მელიქიძემ ისაუბრა საინვესტიციო პორტფელებზე, რომელთა არჩევაც მოქალაქეებს შეუძლიათ. მისი თქმით, მაღალრისკიანი პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მოქალაქეებს ამ პორტფელის არჩევის შემთხვევაში, დანაზოგის დაკარგვა არ ემუქრებათ.
„მზარდი, ანუ მაღალრისკიანი პორტფელი არის ის, რომ დანაზოგების ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციებში და საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის აქციების მფლობელები, როგორებიცაა: Toyota, Samsung, Apple, Louis Vuitton, Nestle და ა.შ. გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55%. იმის გამო, რომ ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველ დღეს იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება, ვიდრე ნაკლებრისკიანი ან საშუალორისკიანი. ის, რომ დანაზოგი დაიკარგება, მცდარი ინფორმაციაა, რამდენადაც გლობალურ აქციებში ინვესტიციები გადანაწილებულია დაახლოებით 3 000 კომპანიაზე, რეგიონების დონეზე არის ამერიკა, ლათინური ამერიკა, განვითარებული ევროპა, ავსტრალია, განვითარებული აზია. ასე რომ, საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ამავდროულად, ამ პორტფელში 45% არის ქართული სახაზინო ფასიანი ქაღალდები და დეპოზიტები. ამ პორტფელს დაკარგვა ნამდვილად არ ემუქრება. პირიქით, მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ“,- აღნიშნა მელიქიძემ.
6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს, რომელთა ხელფასის 2% ყოველთვიურად საპენსიო ფონდში ირიცხება, შესაძლებლობა გაუჩნდათ არჩევანი სამ პორტფელს შორის გააკეთონ და გადაწყვიტონ, ნაკლებადრისკიან, მაღალრისკიან თუ საშუალორიკიან პორტფელში სურთ საკუთარი დანაზოგის ინვესტირება. არჩევანის გასაკეთებლად ვადა 6 სექტემბრის ჩათვლითაა.