LIVE

იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყალს ოკეანეში ჩაუშვებს

22 აგვ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 397
იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყალს ოკეანეში ჩაუშვებს

იაპონიის განცხადებით, 24 აგვისტოდან ფუკუშიმას დანგრეული ატომური ელექტროსადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი გაწმენდილი რადიოაქტიური წყალი ოკეანეში ჩაეშვება. აღნიშნული გეგმა იაპონიის მთავრობამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაამტკიცა. 

ფუკუშიმას ქარხანას ტოკიოში დაფუძნებული ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია Tepco ფლობს. იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, იგი Tepco-ს ესაუბრა და კომპანიამ პროცესისთვის მზადება უკვე დაიწყო.

აღნიშნული პროცესი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, დაიწყება და საწყის ეტაპზე, 17 დღის განმავლობაში, ჯამში 7 800 კუბური მეტრი წყალი ჩაეშვება. კიშიდას თქმით, ოკეანეში წყლის ჩაშვება იაპონიის ბირთვული ენერგიის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით შესრულდება.

შესაბამისად, იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ ოკეანეში წყლის ჩაშვება უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ გეგმას მხარი უკვე დაუჭირეს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ (IAEO) და გაერო-ს ატომური ენერგიის მარეგულირებელმა.

ამასთან, იაპონიაში გამოკითხვაც ჩატარდა. გამოკითხულთა 56% მხარს უჭერს იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებას. მათი აზრით, თუკი IAEO და სხვა ქვეყნები მიიჩნევენ, რომ წყლის ჩაშვება უსაფრთხოა, ეს მართლაც ასეა. 

მიუხედავად ამისა, საკითხი ადგილობრივი მეთევზეების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. მათი აზრით, ქარხნიდან ოკეანეში წყლის ჩაშვება წყლის სასიცოცხლო სივრცეს საფრთხეს შეუქმნის.

გეგმას კრიტიკულად აფასებენ იაპონიის რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოშიც, კერძოდ ჩინეთში. კრიტიკის მთავარი საფუძველი რადიოაქტიური მასალების ოკეანეში მოხვედრის შიშია. 

მიუხედავად ამისა, “გლობალურად ატომური ელექტროსადგურებიდან ტრიტიუმის შემცველ წყალს უკვე 60 წლის განმავლობაში უშვებენ, თუმცა ამას ზიანი ადამიანებისა თუ გარემოსთვის არასდროს მოუტანია,” - აცხადებს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, ტონი ირვინი. 

იაპონიის განცხადებით, ოკეანეში ჩაშვებული წყალი რადიოაქტიური ელემენტებისგან გაწმენდილი იქნება. ერთადერთი ასეთი ნივთიერება, რომელიც წყლის შემადგენლობაში იქნება, ტრიტიუმია; ხოლო წყალში ტრიტიუმის დონე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკონტროლდება.