LIVE

ბომ კიმი - ახალი მულტიმილიარდერი კორეიდან

11 მარ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
ბომ კიმი - ახალი მულტიმილიარდერი კორეიდან
Kyle Grillot/Bloomberg

ბომ კიმმა პირველი სარისკო წამოწყება ჯერ კიდევ მაშინ გაყიდა, როცა კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა. ოცი წლის შემდეგ კი ბიზნესმენი მსოფლიოს უმდიდრესთა რიგებს უერთდება. კიმი მულტიმილიარდერების კლუბში Coupang-ის აქციების საჯარო განთავსებით მოხვდება.

სამხრეთ კორეის ელექტრონული კომერციის გიგანტის, Coupang-ის ღირებულება, რომელიც კიმს ეკუთვნის და რომელსაც SoftBank უჭერს მხარს, აქციების განთავსების შემდეგ $60 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კომპანია კაპიტალის სახით 4.6 მილიარდს მოიზიდავს. ეს კი  იმას ნიშნავს, რომ როდესაც Coupang-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტება, კიმის ქონება დაახლოებით $6 მილიარდს გაუტოლდება.

Coupang ტექნოლოგიების ინდუსტრიის უახლესი წარმატების ისტორიაა. "კორეულ ამაზონად" წოდებული Coupang-ი, Alibaba-ს შემდეგ ამერიკულ ბირჟაზე უმსხვილესი აზიური კომპანია იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ ისევ ზარალზეა, ონლაინ შოპინგზე პანდემიის დადებითი ეფექტის გამო, შარშან კომპანიის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა.

IPO მხოლოდ 42 წლის კიმს არ ამდიდრებს, ეს დიდი გამარჯვებაა კომპანიის თავდაპირველი მხარდამჭერებისთვისაც. ერთ-ერთი მათგანი, SoftBank-ია, Coupang– ის უმსხვილესი აქციონერი. მისი წილი კომპანიაში 35% –ს შეადგენს, რასაც ამჟამად $19,9 მილიარდის ღირებულება აქვს. ეს მაჩვენებელი SoftBank-ის საწყისი ინვესტიციის თითქმის გაშვიდმაგებული ოდენობაა და რეკორდულ უკუგებას წარმოადგენს. იაპონურმა კონგლომერატმა Coupang-ში 2015 წელს 1 მილიარდი დოლარი დააბანდა, სამი წლის შემდეგ კი მისმა Vision Fund– მა კიდევ $2 მილიარდი გამოყო კომპანიის დასაფინანსებლად.

სხვა ადრეულ ინვესტორებს შორის არიან BlackRock, ნილ მეტას Greenoaks Capital და Rose Park Advisors. ამ კომპანიებმა 2014 წელს $300 მილიონიანი დაფინანსების რაუნდი ჩაატარეს და მათი საერთო წილი Coupang-ში ახლა თითქმის $15 მილიარდად ფასობს.

პანდემია Coupang-ის ბიზნესისთვის კიდევ ერთი სტიმული აღმოჩნდა. კომპანიის წმინდა შემოსავალი თითქმის გაორმაგდა და 2020 წელს 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, Coupang- ის $475 მილიონიანი ზარალის შემცირების შემდეგაც კი, კომპანია ახლო მომავალში მოგებაზე შესაძლოა მაინც ვერ გავიდეს.

ამას გარდა, Coupang ყურადღების წენტრში აღმოჩნდა თანამშრომლების ზედმეტად დატვირთვის გამოც. კომპანიას ბოდიშის მოხდაც დასჭირდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ თანამშრომლის გარდაცვალებასა და სამუშაოს მოცულობას შორის კავშირი დაადგინა.

მიუხედავად ამისა, Coupang–ის გაფართოებისა და აქციების საჯარო შეთავაზების გეგმები არ შეფერხებულა. კომპანია რამდენიმე სფეროში აპირებს ინვესტიცირებას, მათ შორის საკვების მიწოდების სერვისში Coupang Eats და ბაზარზე ახლახანს ჩაშვებულ სტრიმინგის სერვისში - Coupang Play.

კიმი სეულში დაიბადა, შემდეგ კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და მოქალაქეობაც მოიპოვა. ჰარვარდში სწავლისას მან სტუდენტური პუბლიკაცია შექმნა სახელად Current Magazine, რომელიც 2001 წელს Newsweek-ს მიჰყიდა. საბოლოოდ, კიმმა ჰარვარდში MBA-ზე სწავლა მიატოვა და კორეაში დაბრუნდა. იქ კი Groupon-ის ბიზნეს მოდელით ინსპირირებულმა 2010 წელს Coupang დააფუძნა, რომელიც 2014 წელს ქვეყნის პირველ უნიქორნ სტარტაპად იქცა. 

დღეს მილიარდერობისთვის გამზადებული ბომ კიმი ამბობს, თუ შემდეგ ეტაპზე გადასვლა გინდა, არასდროს უნდა გაჩერდე, რადგან მომხმარებლები ასე არ იქცევიან.

"შეეწინააღმდეგეთ საკუთარ თავს და დასვით კითხვა: "როგორ შემიძლია მივცე მომხმარებელს ყველაფერი, რაც მას სურს, რადგან თუ მომხმარებელს ექნება ყველაფერი, რაც სურს, ის შენს გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებს," ამბობს ბომ კიმი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იუჯინგ ლი და სოჰი კიმი