
Meta თავისი ახალი ტექსტური აპლიკაციის, Threads-ის ვებსაიტს გამოუშვებს, მომხმარებელთა საწყისი აქტიურობის შემცირების ფონზე. ვებ ვერსიის გაშვებას, უცხოური მედიის ცნობით, ამ კვირაში ელოდებიან.
პირდაპირ კონკურენტთან, X-თან (ყოფილი Twitter) დაპირისპირების პირობებში, Threads-ს ვებ ვერსია საშუალებას მისცემს უფრო მიმზიდველი გახდეს კომპანიებისთვის, რეკლამის განმათავსებლებისთვისა და ჟურნალისტებისთვის.
Meta-ს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ Instagram-ის ხელმძღვანელის, ადამ მოსერის თქმით, სიახლე მალე იქნება ხელმისაწვდომი.
Threads-მა, რომელიც Android-ისა და iOS-ის აპლიკაციის სახით 5 ივლისს გამოვიდა, სულ რაღაც ხუთ დღეში 100 მილიონი მომხმარებელი მოიპოვა. აპლიკაციის პოპულარობა მას შემდეგ შემცირდა, რაც სიახლისადმი ინტერესის ტალღამ გადაიარა და მომხმარებლები ნაცნობ X-ს დაუბრუნდნენ.
ანალიტიკური პლატფორმა Similarweb-ის 10 აგვისტოს მონაცემებით, სულ რაღაც ერთ თვეში, Threads-მა ანდროიდ აპლიკაციაზე 39 მილიონი აქტიური მომხმარებელი დაკარგა.
ამ მაჩვენებლების ფონზე, მენეჯმენტი სწრაფად მოქმედებს აპლიკაციის ახალი ფუნქციების გასაშვებად. Threads-ს მალე ექნება გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მოძებნონ კონკრეტული პოსტები და არა მხოლოდ ანგარიშები.