LIVE

უკრაინა მარცვლეულის ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

22 აგვ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
უკრაინა მარცვლეულის ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
Oleksandr Gimanov/AFP/Getty Images

უკრაინის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს გლობალურ მზღვეველებთან მარცვლეულის ექსპორტის ახალი პროგრამის დასაწყებად.

პროგრამა, რომელიც, შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდეს, მოიცავს მარცვლეულით დატვირთული გემების შავი ზღვაში გადაადგილების დაზღვევას. სადაზღვევო ბროკერი Marsh-ის საზღვაო ტვირთისა და ლოგისტიკის გლობალური ხელმძღვანელის, მარკუს ბეიკერის თქმით, პროგრამის ჩარჩო ჯერ კიდევ მუშავდება. 

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, უკრაინიდან ექსპორტი რისკის შემცველია, რადგან რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც პოტენციურად სამხედრო ტვირთის გადამზიდი. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ზარალის შემთხვევაში, ვინ და როგორ აანაზღაურებს თანხას.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების თავდასხმების გამო, უკრაინაში შემავალი გემების სადაზღვევო პრემიები კვლავ მაღალია. 

კიევის მთავრობამ მიმდინარე თვეში გახსნა დერეფანი შავი ზღვიდან მიმოსვლისთვის, მაგრამ როგორც ცნობილია, ზონა, ჯერჯერობით,  ძირითადად გამოყენებული იქნება 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ ჩარჩენილი გემების გასათავისუფლებლად.

Bloomberg-ის თანახმად, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სადაზღვევო პროგრამა შეიძლება მზად რამდენიმე კვირაში იყოს. 

რუსეთმა გასულ თვეში დატოვა შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების დასავლეთში უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.