
შოკოლადის მწარმოებლებს მიმდინარე წელს ვაჭრობა მკაცრ პირობებში მოუწევთ, კაკაოს მარცვლების ბოლო 46 წელიწადში რეკორდულად გაზრდილი ფასისი გამო. წლიურად კაკაოს ფასი 40%-ზე მეტადაა მომატებული და ახლანდელი მონაცემებით 1 ტონა $3,300-ის ფარგლებში მერყეობს.
გასული წლის სექტემბრიდან მკვეთრად იმატებს შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის, კაკაოს მარცვლების ფასი, რისი მიზეზიც მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში სტიქიური უბედურებებისგან განადგურებული მეურნეობებია. კოტ-დ’ივუარსა და განაში, რომლებიც ორი წლის განმავლობაში გვალვას, უხვ ნალექსა და დაავადებებს ებრძვიან, კაკაოს მარცვლების მსოფლიო წარმოების 40% მოდის. გარდა ამისა, ათწლიან მაქსიმუმზეა შოკოლადის მეორე მნიშვნელოვანი ინგრედიენტის, შაქრის ფასი.
მწარმოებლების სირთულეებს ემატება მყიდველთა ქცევის შეცვლაც - ბოლო ორ წელიწადში ევროპასა და აშშ-ში შოკოლადის ფასმა საშუალოდ 20%-ით მოიმატა. ბაზრის მკვლევრების შეფასებით, კი ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნებული გაყიდვები ახლა იწყებს უკან დახევას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებლები უფრო მეტად რეაგირებენ ფასებზე, ვიდრე ადრე. ფასების მატებასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო“, - ამბობს დენ სედლერი, ამერიკული ტკბილეულის ბაზრის კვლევის IRI-ის ექსპერტი.
ამ გარემოებების მიუხედავად მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა მაგალითად Mondelez, რომელიც აერთიანებს 7Days-ს, Alpen Gold-ს, Milka-ს, Oreo-ს და სხვა ბრენდებს ფასების აღმავალ ტრენდს ინარჩუნებენ და შემოსავლების პროგნოზებსაც კი ზრდიან. თუმცა სწორედ Mondelez-ის გაყიდვებმა წელს მკვეთრი უკუსვლა აჩვენა - თებერვლის 14.8%-დან ივლისში 3.2%-მდე შემცირდა. ფასების ზრდის შემდგომ იკლო ამერიკული შოკოლადის კომპანია Hershey-ის გაყიდვებმაც.
სფეროს ექსპერტების შეფასებით, ფასებზე ზეწოლა შესაძლოა გაგრძელდეს მომავალ წელსაც, ბაზრის მომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობების არ არსებობის გამო. სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად, კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებს უჭირთ კლიმატის გამოწვევებთან დაპირისპირება.