
გერმანიის მთავრობამ კანაფის მოხმარების, მოყვანისა და გაყიდვის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის გეგმა დაამტკიცა. შემდეგ ეტაპზე, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გერმანიაში ლეგალური გახდება 25 გრამამდე კანაფის მოხმარება; ასევე,, დასაშვები იქნება პირადი მოხმარებისთვის კანაფის მაქსიმუმ სამი ნერგის გაზრდა და მისი შეძენა სპეციალური „კანაფის კლუბებიდან.“
„კანაფის სოციალური კლუბები“ მარიხუანას კულტივაციის სპეციალური ასოციაციები იქნება, რომელთა წევრებსაც სახლში მოყვანილი კანაფის პროდუქციას შეძენა შეეძლებათ.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ცენტრები და ზოგადად, კანაფის მოხმარება სკოლებთან, ბაღებთან, სათამაშო და სპორტული მოედნების სიახლოვეს აკრძალული იქნება.
ამასთან, კანაფი ლეგალური მხოლოდ 18 წელს გადაცილებული ინდივიდებისთვის ხდება.
გერმანიის მთავრობის კოალიციაში კანაფის ლეგალიზაციის მომხრეებს სურთ, კანონპროექტი პარლამენტმა მიმდინარე წელს დაამტკიცოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი აცხადებს, მარიხუანას ლეგალიზაციის მიზანი შავ ბაზართან ბრძოლა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების შემცირებაა.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს; განსაკუთრებით კონსერვატორები შიშობენ, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია გერმანიაში ახალგაზრდების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.
ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ყოველწლიურად 4.5 მილიონი ადამიანია კანაფის მომხმარებელი.
ქვეყანაში მარიხუანას სამედიცინო მიზნით მოხმარება ლეგალური 2017 წელს გახდა.