LIVE

რამდენი სასაკლაო, სამაცივრე მეურნეობა და ელევატორია საქართველოში - საქსტატის მონაცემები

16 აგვ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 780
რამდენი სასაკლაო, სამაცივრე მეურნეობა და ელევატორია საქართველოში - საქსტატის მონაცემები

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 126 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მათგან 19% მდებარეობს კახეთში, 17.5% - ქვემო ქართლში, 15.1% - იმერეთში, 13.5% - შიდა ქართლში, 11.1% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 23.8% სხვა რეგიონებშია განთავსებული. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38.2% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5% - ღორი, ხოლო 10.4% ცხვარი და თხა იყო.  

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში 33.8 ლარია, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.0 ლარი. 

საქსტატის თანახმად, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 202 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (11.9%), კახეთში (9.9%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (8.4%). მას მოსდევს იმერეთი (5.4%) და ქვემო ქართლი (5.4%). დანარჩენი სამაცივრე მეურნეობები კი საქართველოს სხვა რეგიონებზე ნაწილდება.  

2023 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში განთავსებული იყო 67.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 46.7 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.2% - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.4% - თევზეული, 8.4% - ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 

2023 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17.4% - საკუთარი წარმოების, 19.9%-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 62.8%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.8 მლნ. ლარი შეადგინა.

კამერების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში 44.3%-ს, მაისში 51.4%-ს, ხოლო ივნისში 45.7%-ს შეადგენდა. 

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთში (25.6%) და ქვემო ქართლში (25.6%) იყო განთავსებული. 

2023 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული იყო 85.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 59.2%-ს წარმოადგენდა ხორბალი.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 54.4 მლნ. ლარის ღირებულების 47.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53.5% იყო საკუთარი წარმოების. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში შეადგენდა 49.2%-ს, მაისში - 47.8%-ს, ხოლო ივნისში - 43.6%-ს.