
კადრების დეფიციტი გერმანიაში წარმოებას ზღუდავს და იგი კიდევ უფრო მეტად უარესდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა მიუნხენში დაფუძნებულმა ინსტიტუტმა, Ifo-მ ჩაატარა.
კვლევის შედეგებით ვლინდება, რომ გერმანიაში დაახლოებით 9 000 კომპანიიდან 43% ივლისში კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდიდა. აპრილში ეს რიცხვი 42% იყო. ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიების თითქმის 50% კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უჩიოდა.
Ifo-ს თქმით, კადრების დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად მომსახურების სექტორში ვლინდება. ამასთან, იურიდიული და ბუღალტრული კომპანიების 3/4 (75%) ვერ პოულობენ საჭირო აპლიკანტებს. გარდა ამისა, სამუშაო ძალის რეკორდული დეფიციტი ვლინდება ტრანსპორტის, არქიტექტურისა და ინჟინერიის სფეროებში.
სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, გერმანია საიმიგრაციო პოლიტიკის გამარტივებაზე მუშაობს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში გაჩერების ერთწლიან უფლებას მისცემს. შესაბამისად, წესით აღარ უნდა იყოს საჭირო დამსაქმებლის ოფიციალური მოწვევა, რომელიც ჯერ კიდევ ერთ-ერთი სავალდებულო დოკუმენტია ვიზის მისაღებად.
აღნიშნულ კანონმდებლობასთან ერთად გერმანია 6 სახელმწიფოსთან მიგრაციის ხელშეკრულების დადებას აპირებს. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული კი საქართველოა.