გერმანია 6 ახალ სახელმწიფოსთან მიგრაციის ხელშეკრულებებს გააფორმებს. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა საქართველო იქნება.
მიგრაციის ხელშეკრულებების მიზანი ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ძალის შევსება და არალეგალური იმიგრაციის შემცირებაა.
ადგილობრივ გაზეთ Tagesspiegel-ის ინფორმაციით, საქართველოს გარდა აღნიშნული 6 ქვეყნის სიაში შედიან მოლდოვა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, კენია და მაროკო.
მიუხედავად ამისა, გერმანიის მთავრობის სპეციალური რწმუნებულის, იოხიმ შტამპის, განმარტებით, "საქართველო და მოლდოვა ყველაზე მეტად პრიორიტეტულია, რადგან ისინი არალეგალური იმიგრაციის შემცირების საკითხში თანამშრომლობით დაინტერესებულნი არიან.. თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მქონე აპლიკანტთა 10% სწორედ აღნიშნული ორი ქვეყნიდან მოდის," - აცხადებს შტამპი.
გარდა ამისა, შტამპი იმედოვნებს, რომ გერმანიაში ცხოვრებისა და მუშაობის მსურველთათვის მეტი ლეგალური გზის შექმნა ქვეყანაში მუნიციპალიტეტებსა და სასამართლოებს მუშაობას გაუმარტივებს.
ახალი საიმიგრაციო კანონი
მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებები გერმანიის ახალი საიმიგრაციო კანონის ერთ-ერთი დანამატი იქნება.
რაც შეეხება თავად აღნიშნულ კანონს, იგი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში გაჩერების ერთწლიან უფლებას მისცემს. მიუხედავად ამისა, საყურადღებოა, რომ პიროვნებას ამ დროის განმავლობაში თავად უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ამ ეტაპზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის მისაღებად გერმანელი დამსაქმებლისაგან სპეციალური სამუშაო მოწვევის მიღება სჭირდებათ.
რატომ მარტივდება საიმიგრაციო პოლიტიკა?
გერმანიისთვის საიმიგრაციო პოლიტიკის გამარტივების მოტივაციას სამუშაო ძალის დეფიციტი განაპირობებს. გარდა ამისა, პრობლემაა დემოგრაფიული დაბერებაც.
"თუნდაც გერმანიამ თავისი შიდა პოტენციალი სრულად გამოიყენოს, ეს ყველა სამუშაო ადგილს იმიგრაციის გარეშე ვერ შეავსებს. ამას გარდა, დემოგრაფიული მიზეზების არსებობს. ჩვენ გვჭირდება როგორც მუშები, ისე კვალიფიციური კადრები," - აცხადებს ანდრეა ნალესი, გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს დირექტორი.
გერმანიაში შობადობის მაჩვენებელი 10-წლიან მინიმუმზეა. შედეგად, ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების ტენდენციაა. ეკონომისტი მონიკა შნიცერი ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ყოველწლიურად 1.5 მილიონი ახალი მიგრანტი უნდა მიიღოს, რათა საჯარო სამსახურებსა და ბიზნესებს ჰყავდეთ საკმარისი პერსონალი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.