
Virgin Galactic-მა კოსმოსში პირველი ტურისტული ფრენა წარმატებით შეასრულა. მისია Virgin Galactic 02 ნიუ-მექსიკიდან ადგილობრივი დროით 08:30-ზე გაეშვა. რაკეტა დედამიწიდან 85 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა, სადაც უწონადობის სივრცეში რამდენიმე წუთით გაჩერდა და უკან დაბრუნდა.
კოსმოსში ტურისტული ფრენის მგზავრები ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, 70 წლის ჯონ გუდვინი და ანტიგუელი დედა-შვილი იყვნენ. ჯონ გუდვინი პარკინსონის დაავადების მქონე მეორე ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მან ამ მოგზაურობის ბილეთი ჯერ კიდევ 2005 წელს შეიძინა, რაშიც $250 000 გადაიხადა, თუმცა შიშობდა, რომ დაავადება ხელს შეუშლიდა კოსმოსში მოგზაურობაში.
დედა-შვილი, კეიშა შაჰაფი და ანასტასია მაიერსი კი, კოსმოსური ხომალდის მგზავრები Virgin Galactic-ის გათამაშებაში გამარჯვებით გახდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კოსმოსში დედა და შვილი ერთად გაფრინდა.
აღსანიშნავია, ჯონ გუდვინი პირველია იმ 800-მდე ადამიანს შორის, რომლებსაც Virgin Galactic-ის კოსმოსური ფრენის ბილეთები შეძენილი აქვთ. ზოგიერთი მათგანი უკვე ათწლეულზე მეტია რიგში დგას. კომპანია მათი კოსმოსში მოგზაურობის უზრუნველსაყოფად გეგმავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 400-მდე ფრენა შეასრულოს.
პირველი კომერციული ფრენა კოსმოსში Virgin Galactic-მა ივნისში განახორციელა. 3-კაციანი ეკიპაჟი იტალიიდან გაფრინდა და 75-წუთიანი ფრენის შემდეგ ხომალდი ნიუ-მექსიკაში დაეშვა.
Virgin Galactic-მდე კოსმოსში კომერციული ფრენა დაიწყო Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია, Blue Origin-მა, რომელსაც ამ დროისთვის 22 წარმატებული ფრენა აქვს შესრულებული. ორივე კომპანია აცხადებს, რომ ემსახურება მეცნიერებას და ასევე მდიდარ მოქალაქეებს, რომლებსაც ნულოვანი გრავიტაციის შეგრძნება და დედამიწის კოსმოსიდან დანახვა სურთ. კოსმოსურ ტურიზმს უკვე აკრიტიკებენ მისი მაღალი ღირებულებისა და გარემოზე ზემოქმედების გამო.