LIVE

Virgin Galactic-მა პირველი კომერციული კოსმოსური რეისი შეასრულა

30 ივნ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
Virgin Galactic-მა პირველი კომერციული კოსმოსური რეისი შეასრულა

Virgin Galactic-ის ხომალდმა კოსმოსში პირველი კომერციული რეისი შეასრულა. 3-კაციანი ეკიპაჟი იტალიიდან გაფრინდა და დედამიწიდან 80 კილომეტრის მანძილზე ავიდა. 75-წუთიანი ფრენის შემდეგ ხომალდი ნიუ-მექსიკოში დაეშვა. 

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ისა და ილონ მასკის SpaceX-ის მსგავსად, ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრანსონის კოსმოსური ტურისტული კომპანია Virgin Galactic-ი ემსახურება მდიდარ ადამიანებს, რომელთაც სურთ, იმოგზაურონ კოსმოსში, დაინახონ დედამიწა და გამოცადონ, თუ როგორია ყოფნა სივრცეში, სადაც გრავიტაცია აღარაა. 

Virgin Galactic-ის განცხადებით, Galactic 01 დედამიწიდან 85.1 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. ფრენის საბოლოო მომენტში ეკიპაჟის წევრები გრავიტაციას ვეღარ გრძნობდნენ.

კომპანია მსგავს რეისებს მომავალშიც შეასრულებს. მისი განცხადებით, უკვე 800-მდე მსურველს აქვს დაჯავშნილი ფრენა კოსმოსში. თითოეული მათგანი ხომალდის ერთ ადგილში $250 000-დან $450 000-მდე იხდის. კომპანია გეგმავს, ყოველწლიურად დაახლოებით 400-მდე ფრენა შეასრულოს. 

აღსანიშნავია, რომ NASA და აშშ-ის საჰაერო ძალები ასტრონავტად განსაზღვრავენ ყველას, ვინც დედამიწიდან 80 კილომეტრით მაღლა გაფრინდება. შესაბამისად, კოსმოსში მოგზაურებს უდიდეს შთაბეჭდილებებთან ერთად ასტრონავტის სტატუსიც ერგებათ.