LIVE

Galt&Taggart: საქართველოში მოცვის წარმოება 2027 წლისთვის 25 ათას ტონამდე გაიზრდება

11 აგვ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
Galt&Taggart: საქართველოში მოცვის წარმოება 2027 წლისთვის 25 ათას ტონამდე გაიზრდება

Galt&Taggart-ი, არსებული ბაღების სრული პოტენციალის შეფასებით, 2027 წლისთვის, საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოების 25 ათას ტონამდე ზრდას პროგნოზირებს.

მიმოხილვის მიხედვით, მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად ორმაგდება და 2023 წლის 7 თვეში $18.5 მილიონი შეადგინა.

Galt&Taggart-ის მიმოხილვა აფასებს ფასებსა და მსოფლიო ტენდენციებს, ასევე სექტორის გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს.  

წარმოება

ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2019-2023 წლებში წარმოება 8.5-ჯერ არის გაზრდილი და მხოლოდ წელს 7 თვეში 4 ათას ტონას გადააჭარბა. 2022 წლის მონაცემით, გაშენებული ბაღების ფართობი 2 000 ჰექტარს აღწევს, რომელთა მაქსიმალურ მოსავლიანობას 4-7 წელიწადში ელიან. შესაბამისი გათვლებით, კი მხოლოდ ამ ფართობზე წარმოება 25 ათას ტონას მიაღწევს.

საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი სამეგრელოა, სადაც გაშენებული ბაღების ფართობის ნახევარი მოდის. ბაღები გაშენებულია გურიაში, იმერეთსა და აჭარაშიც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017-2022 წლებში მოცვის ბაღების საშუალო საინვესტიციო ფასი ერთ ჰექტარზე საშუალოდ 30.9 ათას ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი 33.3 ათას ლარამდეა გაზრდილი

ექსპორტი

მოცვის ექსპორტი საქართველომ 2019 წელს დაიწყო და როგორც რაოდენობა, ისე შემოსავალი ყოველ წელს ორმაგდება. ასე მაგალითად, 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით 2.1-ჯერ არის გაზრდილი მოცულობაც (3 მლნ კგ) და შემოსავალიც ($18.2 მლნ). ქვეყნების წილი, სადაც მოცვი ექსპორტზე გავიდა ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი - 91.7%;
  • სომხეთი - 3%;
  • EU (პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია) - 2.3%;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.9%;
  • სხვა ქვეყნები - 1.1%.

კვლევის მიხედვით, ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევად ერთ კონკრეტულ ბაზარზე ასეთი მასშტაბის დამოკიდებულება სახელდება. წარმოების ზრდასთან ერთად კი აუცილებელი გახდება ახალი ბაზრების მოძიება. კვლევის თანახმად, საქართველოსთვის პოტენციური ბაზარი ევროკავშირია, რაც შეესაბამება კიდეც საქართველოს საექსპორტო პერიოდს. მაგალითად, ივნის-ივლისის პერიოდში მოცვის უმსხვილესი იმპორტიორები გერმანია, ბრიტანეთი და ნიდერლანდებია, რომლებთან პარტნიორობის გამოცდილება უკვე აქვს ქართულ ბიზნესებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდას დიდი პოტენციალი აქვს.

ფასები

ლურჯი მოცვის როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ფასები მკაფიო სეზონურობით ხასიათდება. ეს მეტწილად დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნის საექსპორტო პერიოდსა და მიწოდების მოცულობაზე. ბაზარზე წლის განმავლობაში ექსპორტიორი ქვეყნები და ფასები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • იანვარ-მარტი: ჩილე და მაროკო/ $4.8-5.5 კგ-ზე;
  • აპრილი-ივლისი: ესპანეთი/ $5.7 კგ-ზე;
  • ივლისი-ნოემბერი: კანადა და პერუ/ $2.5-4.9 კგ-ზე;
  • დეკემბერი: ნიდერლანდები/ $7.5 კგ-ზე.

წელს ქართული მოცვის ფასმა, მსოფლიო ტენდენციების გავლენით, ივნისში კგ-ზე $6.3 შეადგინა, ივლისში კი კანადური იაფი მოცვის გავლენით $5.5-მდე დაიკლო. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 2023 წლის 2 იანვრის კვირაში ფასმა კგ-ზე 20 ლარი შეადგინა, ივლისის მონაცემებით კი 5.5 ლარამდე ჩამოვიდა. 2023 წლის შედარებით დაბალ ფასზე გავლენა გლობალური ტენდენციებისა და მოთხოვნა-წარმოების მასშტაბების გარდა, ლარის კურსმაც მოახდინა, რომელიც წინა პერიოდთან შედარებით გამყარებულია.

მსოფლიო ტენდენცია

მსოფლიოში ლურჯი მოცვი წარმოება და მოთხოვნა მზარდია. ყველაზე მსხვილი მწარმოებლები აშშ და ჩინეთია, რომლებსაც მთლიანი ბაზრის 45% უჭირავთ. ეს ორი ქვეყანა წარმოებასთან ერთად უმსხვილესი მომხმარებლებიც არიან, რის გამოც წმინდა იმპორტიორების სტატუსსაც ატარებენ.

ყველაზე მაღალი მოსავლიანობით პერუ და ესპანეთი გამოირჩევა, სადაც ნიადაგი და კლიმატის პირობები მოცვის მოსაყვანად ყველაზე ხელსაყრელია. ეს ორი ქვეყანა ჩილესთან ერთად ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან და მსოფლიო ექსპორტში სამივეს წილი ერთად 50.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ 0.2%-იანი წილი აქვს, თუმცა 1 ჰექტარ ფართობზე მოსავლიანობით მე-7 ადგილს იკავებს.

გამოწვევები და მოგვარების შესაძლო გზები

Galt&Taggart-ის მიმოხილვაში საუბარია ქართული ბიზნესის გამოწვევებზეც, რომელთა შორის კრიტიკული პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნება და ტრანსპორტირებაა. დამუშავების გარეშე მოცვი შენახვა 2-3 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი, შესაბამისი სამაცივრე მეურნეობების არსებობა კი ამ ვადას ახანგრძლივებს. კვლევა ყურადღებას ამახვილებს ხარისხის კონტროლისა და მცენარის მოვლის ეფექტურობის ზრდაზე, რაც ექსპორტის პოტენციალის გაძლიერებაზე აისახება. ასევე ჭარბი წარმოების ათვისების გზად განიხილება გადამუშავებული პროდუქტების წარმოება, როგორებიცაა, ჯემი, წვენი და ჩირი; ასევე გაყინული სახით მოცვის შენახვა.