LIVE

აზიამ ივლისში რეკორდული რაოდენობის ნავთობი იყიდა - მთავარი მიმწოდებელი რუსეთია

06 აგვ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
აზიამ ივლისში რეკორდული რაოდენობის ნავთობი იყიდა - მთავარი მიმწოდებელი რუსეთია

ივლისში აზიამ რეკორდულად დიდი რაოდენობის ნავთობი შეიძინა. აქედან უდიდესი ნაწილი რუსულ ნავთობზე მოდის, რომელსაც ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ.

გასულ თვეში აზიაში საშუალოდ დღიურად 27.92 მილიონი ბარელი ნავთობი შევიდა. შედარებისთვის, ეს რიცხვი ივნისში 27.53 მილიონი ბარელი იყო, ხოლო მაისში - 27.35 მილიონი ბარელი.

ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი იყო. თვის განმავლობაში ყოველდღიურად რუსეთიდან ჩინეთში საშუალოდ 2.04 მილიონი ბარელი ნავთობი შედიოდა.

რუსეთის შემდეგ ჩინეთს ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს, დღეში საშუალოდ 1.82 მილიონ ბარელს, საუდის არაბეთი აწვდიდა.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა რუსეთიდან და საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტი, წინა თვეებთან შედარებით, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შეამცირა. ეს კი OPEC+-ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებას უკავშირდება. 

ამის ფონზე, ჩინეთმა გაზარდა ნავთობის შესყიდვები სხვა ქვეყნებიდან, უმეტესად, აფრიკის კონტინენტიდან. მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი ანგოლა აღმოჩნდა, რომელსაც ჩინეთში დღიურად 900 000 ბარელი ნავთობი შეჰქონდა. 

ამას გარდა, გაიზარდა ჩინეთში ერაყიდან და ომანიდან შესული ნავთობის წილიც. აღნიშნული ქვეყნები ჩინეთისთვის რუსეთისა და საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები აღმოჩნდნენ. 

ჩინეთთან ერთად აზიაში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი აღმოჩნდა ინდოეთი. ინდოეთის მიერ ივლისში შესყიდული ნავთობის რაოდენობამ ხუთთვიან მაქსიმუმს მიაღწია. ქვეყანაში ყოველდღიურად 4.94 მილიონი ბარელი ნავთობი შედიოდა. 

ინდოეთისთვისაც ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი იყო, საიდანაც იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა ყოველდღიურად 2.08 მილიონ ბარელს აღწევდა.

გარდა აღნიშნული ორი ქვეყნისა, საყურადღებოა იაპონია, რომელმაც ასევე გაზარდა ივლისში ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა. კერძოდ, ივნისთან შედარებით, ივლისში იაპონიაში 0.38 მილიონი ბარელით მეტი -  2.49 მილიონი ბარელი ნავთობი - შევიდა ყოველდღიურად. 

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, გასული თვის განმავლობაში ყოველდღიურად ქვეყანაში 2.76 მილიონი ბარელი ნავთობი შედიოდა, 0.23 მილიონი ბარელით მეტი, ვიდრე ივნისში.

აზიის მიერ ნავთობის იმპორტის ზრდა ძირითადად რუსულ ნავთობზე ფასის შემცირებამ განაპირობა. სამომავლოდ ფასების ზრდა სავარაუდოდ აღნიშნული ქვეყნების მიერ ნავთობის იმპორტის შემცირებაში აისახება. ეს კი ყველაზე მეტად ინდოეთს შეეხება, რომელიც აღმოსავლეთ აზიის მაღალგანვითარებული ეკონომიკებისაგან განსხვავებით, ფასების ზრდის მიმართ შედარებით უფრო მგრძნობიარეა.