LIVE

6 თვეში საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში 3 915 ავტომობილი გაყიდა

03 აგვ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
6 თვეში საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში 3 915 ავტომობილი გაყიდა

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის მიხედვით, საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი აიკრძალა. კერძოდ, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა შეზღუდვა აშშ-დან შემოყვანილი მანქანებზე, ხოლო 26 სექტემბრიდან აიკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების გაყიდვა რუსეთსა და ბელარუსში.

საქსტატის მონაცემებით, რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტზე გასული მანქანების რაოდენობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად არის მომატებული.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, თუ რა რაოდენობის ავტომობილებს ყიდდა საქართველო აღნიშნულ ორ ქვეყანაში და რა შემოსავალს იღებდა რეექსპორტით, საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთში ექსპორტზე $53 მილიონის ღირებულების 3 786 ავტომობილი გავიდა. საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების ძირითადი სარეალიზაციო ბაზრების ჩამონათვალში რუსეთი მეხუთე ადგილს იკავებს. 2022 წელს კი ჯამში $76 მილიონი ღირებულების, 5 395 ერთეული გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ აქედან უდიდესი ნაწილი ($61,7 მილიონი) წლის მეორე ნახევარზე მოდის.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ბელარუსში $2,5 მილიონის ღირებულების 129 ავტომობილი გავიდა მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ $441 ათასის ღირებულების 16 ავტომობილი გაიყიდა. ბელარუსში ექსპორტის ზრდა 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და წლის ბოლო ორ კვარტალში ექსპორტზე $6 მილიონის ღირებულების, 224 ავტომობილი გავიდა.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კონტექსტში, რიგი ქვეყნები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცევიან, რამდენადაც კრემლი სანქციების გვერდის ავლისა და სანქცირებული საქონლის მიღების ალტერნატიული გზების ძიებაშია. მაგალითისთვის, Financial Times-ი წერს სქემაზე, რომლის საფუძველზეც ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებული, ძირითადად მეორადი, ავტომობილები ჯერ სომხეთში, შემდეგ კი ისევ საქართველოს გავლით, რუსეთში ხვდება. ამასთან, გასულ თვეში საქართველოს შესახებ სტატია გავლენიანმა გამოცემამ, Politico-მ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით, თურქეთთან, ყაზახეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სომხეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ დასავლეთი კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს სანქციების თავის არიდების პრევენციისთვის. საგულისხმოა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტით შეზღუდა სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვა მესამე ქვეყნებზე, თუკი ისინი აღნიშნულ საქონელსა და ტექნოლოგიებს რუსეთს აწვდიან. ამასთან, აიკრძალა ევროკავშირიდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი. მათ შორისაა ყველა ახალი და მეორეული მანქანა, რომელთაც 1900 სმ³-ზე მეტი ძრავა აქვთ, ყველა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა.