LIVE

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო

23 ივნ 202317:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების ბოლო პაკეტი ახალ შეზღუდვებსა და აკრძალვებს  სავაჭრო, სატრანსპორტო, ენერგორესურსებისა და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით აწესებს. 

სავაჭრო შეზღუდვები

- იზღუდება სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვა მესამე ქვეყნებზე, თუკი ისინი აღნიშნულ საქონელსა და ტექნოლოგიებს რუსეთს აწვდიან. 

- იკრძალება მოწინავე ტექნოლოგიისა და ავიაციასთან დაკავშირებული მასალების ტრანზიტი, რაც გულისხმობს, რომ ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებისთვის საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქტების რუსეთის გავლით გატანა ვერ მოხდება.

- დამატებითი სანქციები უწესდება 87 ჩინურ, უზბეკურ, არაბულ, სირიულ და სომხურ კომპანიას, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობდნენ სამხედრო და ინდუსტრიული კომპლექსის რუსეთში შეტანას. ევროკავშირი აღნიშნულ კომპანიებთან სანქცირებული და განსაკუთრებით, მოწინავე ტექნოლოგიებით ვაჭრობას შეზღუდავს. 

- ევროკავშირიდან რუსეთში აღარ შევა 15 ტექნოლოგიური მასალა, რომლებითაც იწარმოებოდა ბრძოლის ველზე აღმოჩენილი რუსული იარაღები და სამხედრო აღჭურვილობა. 

- მკაცრდება შეზღუდვები ევროკავშირში რკინისა და ფოლადის საქონლის იმპორტზე. ამიერიდან, ევროკავშირი იმპორტიორებს მოსთხოვს, დაამტკიცონ, რომ აღნიშნული მასალებით წარმოებული პროდუქცია არ მოდის რუსეთიდან. 

- იკრძალება რუსეთისთვის ინტელექტუალური საკუთრების უფლების, ლიცენზიების მიყიდვა და გადაცემა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე კომპანია, რომელმაც სანქციების გამო პროდუქცია ვერ გაყიდა რუსეთში, მოსკოვს მათი წარმოების უფლებას გადასცემდა. ახალი სანქციები აღნიშნული სქემით მუშაობასაც შეზღუდავს. 

- იკრძალება ევროკავშირიდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი. მათ შორისაა ყველა ახალი და მეორეული მანქანა, რომელთაც 1900 სმ³-ზე მეტი ძრავა აქვთ, ყველა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა. 

ტრანსპორტის შეზღუდვები

სრულად იკრძალება ევროკავშირში საქონლის ტრანსპორტირება რუსული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანებით. აქამდე დაწესებული შეზღუდვების თანახმად, თუკი რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანა სხვა რეგისტრაციაზე გადავიდოდა, მას შეეძლო ევროკავშირში მოძრაობა. ამიერიდან ევროკავშირი ამასაც კრძალავს. 

- არ დაიშვებიან ევროკავშირის პორტებში გემები, რომელთაც სანქცირებული რუსული პროდუქცია სხვა გემებზე გადაჰქონდათ, რათა თავიდან აეცილებინათ სავაჭრო შეზღუდვები, მათ შორის G7-ის მიერ დაწესებული ზღვრული ფასი რუსულ ნავთობზე.

- არ დაიშვებიან ევროკავშირის პორტებში გემები, რომლებიც თიშავენ ნავიგაციის სისტემებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისას. 

ენერგოშეზღუდვები

საბოლოოდ და ოფიციალურად იკრძალება რუსული გაზის ევროკავშირში შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანისა და პოლონეთს უკვე გაცხადებული ჰქონდათ, რომ ისინი არ შეიტანდნენ თავიანთ ტერიტორიაზე რუსულ გაზს, ამიერიდან აღნიშნული პოზიცია ოფიციალურად დამტკიცდა. 

- მკაცრდება ექსპორტის არსებული აკრძალვები, რათა შესაძლებელი გახდეს კასპიის მილსადენის შენარჩუნება, რომელიც ყაზახეთს ევროკავშირში რუსეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების საშუალებას აძლევს. 

- სახალინის ნავთობის ფასის ლიმიტისგან იაპონიის გათავისუფლება 2024 წლის 31 მარტამდე ხანგრძლივდება. 

დამატებით სანქცირებული სუბიექტები

ევროკავშირის სანქციების განახლებულ პაკეტს 100-ზე მეტი ინდივიდი და კომპანია დაემატა. მათ შორის არიან ხელმძღვანელი სამხედრო პირები, ომში გადაწყვეტილების მიმღებნი, უკრაინიდან რუსეთში ბავშვების არალეგალურ გადაყვანაზე პასუხისმგებელი პირები, უკრაინის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეები, კულტურულ მემკვიდრეობათა განადგურებაში დამნაშავე ადამიანები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და სხვა.

რაც შეეხება კომპანიებს, მე-11 პაკეტით გათვალისწინებული სანქციები ქვეშ მოექცა ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე რამდენიმე მნიშვნელოვანი რუსული კომპანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ბანკები და რუსულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებული გაერთიანებები. 

დამატებით, ევროკავშირმა გაერთიანების ფარგლებში კიდევ 5 რუსული ტელეარხი გათიშა მაუწყებლობიდან.