LIVE

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი აიკრძალა

02 აგვ 202320:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 890
საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი აიკრძალა

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი აიკრძალა. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. 

შეზღუდვა, რომელიც 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტს/ექსპორტს ეხება. 26 სექტემბრიდან კი უკვე ევროკავშირიდან შემოყვანილ მანქანებზეც გავრცელდება. მიზეზი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია.

"აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად:

1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში.

ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი 23 ივნისს დაამტკიცა. სანქციების ბოლო პაკეტი ახალ შეზღუდვებსა და აკრძალვებს სავაჭრო, სატრანსპორტო, ენერგორესურსებისა და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით აწესებს. 

მათ შორის იკრძალება ევროკავშირიდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი. მათ შორისაა ყველა ახალი და მეორეული მანქანა, რომელთაც 1900 სმ³-ზე მეტი ძრავა აქვთ, ყველა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა.