
სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა კვირას შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია და დუნაის დელტაზე მდებარე ერთ-ერთ უკრაინულ პორტში - იზმაილში შევიდა. მათ შორის ერთი თურქულ-ქართულია. დანარჩენი ორი კი ისრაელსა და საბერძნეთშია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გემების მოძრაობას NATO-ს ოთხი თვითმფრინავი აკვირდებოდა. გემები მარცვლეულით, სავარაუდოდ, იზმაილში დაიტვირთება. შემდეგ ისინი ისევ შავი ზღვის მეშვეობით, უცხოეთის პორტებისკენ გაემართებიან. მათ ჩართული ჰქონდათ რადარი და გემების მოძრაობის მიმართულებისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელი იყო ყველასთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება.
თურქულ-ქართული Yilmaz Kaptan უკრაინის პორტში ჩრდილოეთ თურქეთიდან შევიდა, დანარჩენი ორი კი - ბოსფორის სრუტის გავლით.
რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თითქმის ერთი წლის შემდეგ არსებობის შემდეგ, ორი კვირის წინ შეაჩერა.
შეთანხმების გაუქმების შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის სამხრეთით კორვეტი Sergey Kotov განათავსა, თუმცა არც მას და არც სხვა რუსულ გემს სამოქალაქო გემებისთვის გადაადგილებაში ხელი არ შეუშლია.
ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, გემების შეუფერხებლად გადაადგილება შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ დროისთვის რუსეთს არ სურს ან არ შეუძლია განახორციელოს გემების სათანადო შემოწმება.