
გერმანიაში თვიური €49-იანი ბილეთების შემოღებამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ თითქმის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება, მგზავრების რაოდენობა 25%-ით გაზარდა. აღნიშნული ზრდა გერმანიის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის, Deutche Bahn-ის მატარებლებს ეხებათ, რომელთაც მგზავრები გერმანიის რეგიონებს შორის, ძირითადად საშუალო და შორ მანძილებზე, გადასაადგილებლად იყენებენ.
€49-იანი ბილეთები გერმანიაში 2023 წლის მაისიდან მოქმედებს. ბილეთით სარგებლობა შესაძლებელია გერმანიის ნებისმიერი ქალაქის ტრანსპორტით, როგორიცაა მატარებელი, ავტობუსი და ტრამვაი. ამასთან, ბილეთის გამოყენება დაშვებულია საქალაქთაშორისო, ე.წ. რეგიონული მატარებლებით მგზავრობის შემთხვევაშიც.
Deutsche Bahn-ში აღნიშნავენ, რომ ზაფხულის შვებულებებისთვის განსაკუთრებით პრაქტიკული აღმოჩნდა €49-იანი ბილეთები: მატარებლები გამორჩეულად გადატვირთულია ზღვის სანაპირო და მთიანი რეგიონების მიმართულებებით.
ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, თუ რამდენ ხანს გასტანს €49-იანი ბილეთები, თუმცა გერმანიის სატრანსპორტო სერვისებში იმედოვნებენ, რომ მომხმარებლების დიდი რაოდენობის არსებობა აღნიშნულ სერვისს მეტი დროით შენარჩუნებისა და კიდევ უფრო გაიაფების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული ინიციატივა ანალოგია გასული წლის €9-იანი ბილეთებისა, რომლებიც იმავე პრინციპით, თუმცა მხოლოდ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში მოქმედებდა. 2022 წლის შეღავათიანი ფასით მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯამში 52 მილიონი ბილეთი გაიყიდა. გარდა ამისა, ამით გარემოში 1.8 მილიონი ტონა ნახშირორჟანგით ნაკლები გამოიყო: ბევრ სხვა დადებით ფაქტორთან ერთად, იაფი ბილეთების ინიციატივას გერმანიაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლის მიზანიც განაპირობებს.