
Galt&Taggart-ის მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 2.4%-ის ფარგლებში იქნება.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის უახლოეს სხდომაზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
თუმცა მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილებისა, საინვესტიციო ბანკში მიაჩნიათ, რომ საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
„მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინფლაციის ტემპი მკვეთრად იკლებს და ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0.6%-მდე იყო შემცირებული. მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია 1%-ზე ქვემოთ შენარჩუნდება და ჩვენი პროგნოზია, რომ 2023 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.4%-ის ფარგლებში იქნება. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მაისში დაიწყო და მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდება. თუმცა ჩვენი შეფასებით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის უფრო მკვეთრად შერბილების შესაძლებლობა არსებობს, რადგან გლობალურად საპროცენტო განაკვეთები იზრდება, რაც თავის მხრივ ქართულ ბაზარზე უცხოური ვალუტის სესხებს აძვირებს. ამიტომ ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოში მაინც მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მაისში დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე შეამცირა. მოლოდინია, რომ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას მორიგ ჯერზე უახლოეს სხდომაზე, 2 აგვისტოს შეარბილებს.