
ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 23%-ით, ანუ 8.1 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსების შესწავლის შედეგად, IDFI აღნიშნავს, რომ გასულ წელს თბილისის ა(ა)იპ-ებში სულ დასაქმებული იყო 4 894 თანამშრომელი (შტატგარეშეების ჩათვლით), რომელთა შრომის ანაზღაურებაზე 55.1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის ა(ა)იპ-ების რიცხვი 79-დან 71-მდე შემცირდა, თუმცა, დასაქმებულთა რიცხვი 3 684-დან 4 894-მდე გაიზარდა.
2022 წელს თბილისის ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო შრომის ანაზღაურება იყო (3 395 ლარი) „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქში“, სადაც დასაქმებული 11 თანამშრომლიდან 9 მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. რეესტრის მონაცემებით, ა(ა)იპ გასულ კვირას გაუქმდა.
IDFI-ის თანახმად, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში, სადაც გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 990 ლარს შეადგენდა, ფონდის დირექტორს 5 მოადგილე და 4 მრჩეველი ჰყავს.
ორგანიზაციის თანახმად, თბილისის ა(ა)იპ-ებში სახელფასო სისტემა არაერთგვაროვანია. მაგალითად, ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 58 თანამშრომელზე, დაახლოებით იგივე ოდენობის ანაზღაურება გაიცა რაც თბილისის ზოოლოგიური პარკის 143 თანამშრომელზე; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 365 თანამშრომელზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი შრომის ანაზღაურება გაიცა, ვიდრე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 353 თანამშრომელზე.
რაც შეეხება რეგიონებს, კვლევის მიხედვით, ტენდენცია ასეთია:
- ბოლო ხუთ წელში, ბათუმის ა(ა)იპ-ების რაოდენობა 16-დან 13-მდე შემცირდა, თუმცა მათი დაფინანსება დაახლოებით 6-ჯერ, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 9%-ით, ხოლო მათი შრომის ანაზღაურების ხარჯები 89%-ით გაიზარდა.
- 2019 წლიდან 2022 წლამდე რუსთავის ა(ა)იპ-ების დაფინანსება ბიუჯეტიდან დაახლოებით ორჯერ (22.6 მილიონიდან 40.6 მილიონამდე) გაიზარდა, ხოლო შპს-ეების დაფინანსება დაახლოებით სამჯერ (1.8 მილიონიდან 6.2 მილიონამდე) გაიზარდა. შედეგად, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ხარჯი 11.1 მილიონიდან 18.6 მილიონამდე, ხოლო შპს-ების 667.5 ათასიდან 3.6 მილიონამდე გაიზარდა.
- 2022 წელს, 38 მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო 447 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მათ შორის, ყველაზე მეტი (71 ა(ა)იპ) იყო თბილისის, ხოლო ყველაზე ცოტა (4 ა(ა)იპ) ხობის მუნიციპალიტეტში.
- 2022 წელს 5 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში დაფუძნებულია 7 ახალი ა(ა)იპ, სადაც დასაქმდა 401 თანამშრომელი და შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 2.9 მილიონი ლარი. მათ შორის, ყვარლის მუნიციპალიტეტის 2 ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 281 თანამშრომელი.
- 34 მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული იყო 33,549 თანამშრომელი. წინა წელთან შედარებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.
- ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 10%-ს აჭარბებს. მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია მოსახლეობის 15%, ცაგერი 13%, ყაზბეგი 10%.
- 2022 წელს, 31 მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებზე (შტატგარეშეების ჩათვლით) გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა შეადგინა 221.5 მილიონი ლარი. წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯი გაიზარდა 28%-ით.
- 2022 წელს, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ზრდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 6%-დან 89%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე დიდი ზრდა იყო ყვარლის (+89%), დმანისის (+47%) და ჩხოროწყუს (+45%) მუნიციპალიტეტებში.
- 2022 წელს (13 მუნიციპალიტეტის მაგალითზე) შპს-ეებში დასაქმებულთა რიცხვი 6%-ით, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯები 16%-ით გაიზარდა.
- 64 მუნიციპალიტეტიდან ა(ი)იპ-ების შესახებ საჯარო ინფორმაცია გასცა, მხოლოდ 38 მუნიციპალიტეტმა, ხოლო შპს-ეების შესახებ მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტმა.
IDFI ასკვნის, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და შპს-ეების ბიუროკრატიული აპარატი ყოველწლიურად იზრდება, რაც ასევე ბიუროკრატიის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ზრდას უწყობს ხელს. ცალკეული მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმების მაჩვენებლები მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 10%-ს აჭარბებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთგვაროვანი სახელფასო პოლიტიკაა, ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხი უარესდება.