
ანალიტიკოსებისა და მარკეტინგული კომპანიების შეფასებით, Twitter-ის რებრენდინგით, კომპანია უარს $4-დან $20 მილიარდამდე ღირებულების ბრენდზე ამბობს.
"ამხელა კაპიტალის მოპოვებას 15-ზე მეტი წელი დასჭირდა, ამიტომ Twitter-ის, როგორც ბრენდის სახელის დაკარგვა მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმაა", - ამბობს Siegel & Gale ბრენდების კომუნიკაციის დირექტორი სტივ სუზი.
ანალიტიკოსები და ბრენდის სააგენტოები პროდუქტისთვის სახელის შეცვლას შეცდომას უწოდებენ. სააგენტო Fazer-ის დამფუძნებლის, ტოდ ირვინის თქმით, Twitter-ი არის სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი და მის ლოგოს მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მასთან დაკავშირებული სიტყვები: "ტვიტი", "რეტვიტი" პოპკულტურის ნაწილად იქცა.
ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ბოლო წლებში სახელი ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიცვალა: Google გახდა Alphabet, Facebook-ი კი - Meta, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცვლილება არ შეხებია პლატფორმების სახელებს.
ბრენდის შეფასების საკონსულტაციო ფირმა Brand Finance-ის მიხედვით, Twitter-ის ბრენდი დაახლოებით $4 მილიარდად არის შეფასებული. ფირმა Facebook-ის ბრენდს $59 მილიარდად აფასებს, ხოლო Instagram-ს - $47.4 მილიარდად. ვანდერბილტის უნივერსიტეტის თანახმად, Twitter-ის ბრენდის ღირებულება $15-დან $20 მილიარდამდე ფასდება.
ბრენდის ზუსტი ფასის განსაზღვრა რთულია და ამისთვის ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ამიტომ ანალიტიკოსების მიერ დასახელებული Twitter-ის ბრენდის ფასი განსხვავებულია, თუმცა ანალიტიკოსები და სააგენტო თანხმდებიან, რომ კომპანიის ბრენდი მნიშვნელოვნად დაზარალდა მას შემდეგ, რაც ის გასულ წელს ილონ მასკმა იყიდა. Brand Finance-ის შეფასებით, Twitter-ის ბრენდმა გასული წლის შემდეგ ღირებულების 32% დაკარგა. Twitter-ის ბრენდის აღქმა შეიცვალა, რეკლამის განმთავსებლების ნაწილმა პლატფორმა მიატოვა. მასკის თქმით, რეკლამიდან კომპანიის შემოსავალი 50%-ზე მეტით შემცირდა.
ამასთან ბრენდის ანალიტიკოსების თქმით, ერთადერთი, რაც მასკის სასარგებლოდ მოქმედებს, მისი სახელია - "ილონის ბრენდი" შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე Twitter-ის ბრენდი.
ილონ მასკმა ჯერ თქვა, რომ Twitter-ის ბრენდს ემშვიდობება, შემდეგ კი ცნობილი ლოგო - ცისფერი ჩიტი "X" სიმბოლოთი ჩაანაცვლა. მომხმარებლები x.com-ის აკრეფით twitter.com-ზე ხვდებიან. ცნობილია, რომ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს "ტვიტის" ნაცვლად "X" ერქმევა.
ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ გააჟღერა კომპანიის ხედვა, რომ ის ასევ უნდა იყოს აუდიოს, ვიდეოს, მიმოწერის, გადახდებისა და ბანკინგის პლატფორმა.