
საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოებას მზარდი ტენდენცია აქვს. 2022 წელს კენკროვანი ხილის მთლიანი ექსპორტის 86%, ანუ 2500 ტონა სწორედ ლურჯ მოცვზე მოდიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მოცვის მწარმოებლებს გასულ წლებთან შედარებით მოსავალი გაეზარდათ და ევროპის ბაზარზეც გავიდნენ, დარგში არსებული გამოწვევად რჩევა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და სამაცივრე მეურნეობის სიმწირე.
როგორც, კომპანია "აგროთაჩის" გენერალურმა მენეჯერმა, დავით მაყაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, მალფუჭებადი მოცვის შესანახად ქვეყანას არ აქვს საჭირო რაოდენობის სამაცივრე მეურნეობა, რის გამოც მწარმოებლებს მოსავლის გარკვეული ნაწილი უფუჭდებათ.
რაც შეეხება ევროკავშირის ბაზრის უკეთ ათვისებას, მისი თქმით, მთავარ გამოწვევას სერტიფიცირების საკითხი და ხარისხის კონტროლი წარმოადგენს.
"რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია სერტიფიცირების საკითხები, რაც ნაწილობრივ მოსავლის აღების შემდგომ პროცედურების მოგვარებას ითვალისწინებს. ამ კუთხით, გარკვეული მხარდაჭერა დარგს ნამდვილად აქვს, როგორც სახელმწიფოს, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. აღვნიშნავ, იმასაც, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია გარკვეულწილად მოხდა, რაც ლურჯი მოცვის ევროკავშირში ექსპორტით გამოიხატა, თუმცა ეს საკითხი კვლავ გამოწვევაა, რადგან ქართული ლურჯი მოცვის 90% ამჟამად რუსეთში გადის",- განაცხადა დავით მაყაშვილმა
ლურჯი მოცვის მწარმოებლები სიტუაციის გამოსწორებასა და ევროკავშირის ბაზრის მეტად ათვისებას ელიან. კერძოდ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ 2023 წელს მოცვის ექსპორტი 3000 ტონას გადააჭარბებს და მოსავლის 20% ევროპის ბაზარზე წავა.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, მოცვის ექსპორტმა მაისი-ივლისის პერიოდში 2 884 ტონა შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით როგორც მოცულობა, ისე ღირებულება 2,4-ჯერ არის გაზრდილი. ექსპორტირებული ქართული მოცვის 94% რუსეთში გაიყიდა.