
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბოლო განცხადება ივნისში გააკეთა.
პუტინი დასავლეთს მარცვლეულის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსული პროდუქცია, რომლის თავისუფალი ექსპორტი აღნიშნულმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს, დაბრკოლებებს აწყდება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, რუსული მარცვლეულის ექსპორტი და თავად რუსეთი, რომელიც აღნიშნული ინიციატივიდან გამოსვლით იმუქრება, ამჟამად შეთანხმებაში ყველაზე აქტუალური ფაქტორია.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება - ისტორია
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაფორმდა. შეთანხმებას ხელს უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო აწერენ. მისი მიზანია, უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან მსოფლიო ბაზრებზე. პირველ რიგში, იგი უკრაინის სამ პორტს ითვალისწინებს; ესენია ჩორნომორსკი, ოდესა და პივდენი.
ხელმოწერის დღიდან შეთანხმება სამჯერ გახანგრძლივდა. ამ მდგომარეობით, იგი 17 ივლისამდეა აქტიური.
შეთანხმების ფარგლებში დღემდე უკრაინიდან 32 მილიონი ტონა სიმინდი და ხორბალი გავიდა ექსპორტზე. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ამიაკის ექსპორტსაც. მიუხედავად ამიაკი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, დღემდე ექსპორტზე არ გასულა.
მსოფლიოს საჭიროება
დასავლური სანქციები რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტს არ ეხება. მიუხედავად ამისა, მოსკოვის თქმით, მაღალი გადასახადები და ლოჯისტიკისა და დაზღვევის ხარჯები რუსული პროდუქტების თავისუფლად გადაზიდვისთვის დაბრკოლებებს ქმნის.
საინტერესოა, თუ რატომ გახდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება საჭირო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გლობალურად სურსათზე ფასებმა მოიმატა; ფასების ზრდა კი განსაკუთრებული სიმძიმით მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას დააწვა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა გასული წლის მარტში აცხადებდა, რომ გლობალურად 125 მილიონი ადამიანი გამოკვების საფრთხის ქვეშ იყო, რადგან მსოფლიოში მარცვლეულის 50% უკრაინიდან მოდიოდა.
ეს განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს ეხებათ. გაეროს მონაცემებით, 2018-2020 წლებში აფრიკამ რუსეთიდან $3.7 მილიარდის ხორბალი შეისყიდა, რაც ხორბლის აფრიკული იმპორტის 32%-ს შეადგენს. გარდა ამისა, უკრაინიდან აფრიკაში $1.4 მილიარდის ხორბალი შევიდა (კონტინენტზე ხორბლის სრული იმპორტის 12%).
გაეროს თქმით, მსოფლიოში 36 უღარიბესი ქვეყანა ხორბლის იმპორტის მხრივ რუსეთსა და უკრაინაზეა სრულად დამოკიდებული. მათ შორის არიან ლიბანი, სირია, იემენი, სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სხვ.
რუსეთის პოზიცია
საინტერესოა, თუ რა აწუხებს რუსეთს აღნიშნულ შეთანხმებაში. პუტინი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ დასავლეთი აღნიშნულ შეთანხმებას არღვევს, რადგან რუსული პროდუქტების ექსპორტს პრობლემები აქვს.
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აღნიშნულ განცხადებებს უარყოფს. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გასულ თვეში განაცხადა: "რუსეთი, თუ უფრო მეტად არა, ზუსტად იმავე დონეზე ახორციელებს მარცვლეულისა და სასუქი პროდუქტების ექსპორტს ახლა, როგორც ეს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო."
პუტინის თქმით, რუსეთმა შეთანხმებას მხოლოდ აფრიკული და ლათინური ამერიკის ქვეყნების გამო მოაწერა ხელი; თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ამ რეგიონებში აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მარცვლეულის მხოლოდ 3.2-3.4% გავიდა, ხოლო დაახლოებით 40% - მდიდარ ქვეყნებში იმპორტირდა.
რუსეთის მოთხოვნები
რუსეთმა მარტში გაეროს ოფიციალურ პირებს წერილი გაუგზავნა, სადაც მან თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა. კრემლის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე იგი თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი აღნიშნული მოთხოვნები შესრულდება:
- რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი (Rosselkhozbank) SWIFT-ის გადახდის სისტემას ხელახლა უნდა დაუკავშირდეს.
ევროკავშირმა Rosselkhozbank-ი SWIFT-ის სისტემიდან გასული წლის ივნისში გათიშა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, გაერთიანება SWIFT-ში რუსული ბანკების აღდგენას არ განიხილავს.
პრობლემის გადასაჭრელად გაეროს ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ JPMorgan Chase-ს სთხოვეს, რუსული მარცვლეულის ექსპორტზე გადახდების დამუშავება დაეწყო. გარდა ამისა, გაერო მუშაობს აფრიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკთან (Afreximbank), რათა შექმნას პლატფორმა, რომელიც რუსეთს აფრიკაში მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის აუცილებელი ტრანზაქციების დამუშავებაში დაეხმარება.
- რუსული ამიაკის ექსპორტი ტოლიატი-პივდენის მილსადენით უნდა აღდგეს.
აღნიშნული მილსადენი, რომელიც რუსულ და უკრაინულ ქალაქებს აკავშირებთ, და რომელსაც წლიურად 2.5 მილიონ ტონამდე ამიაკი გადაჰქონდა, უკრაინაში ომის დაწყების შედეგად დაიხურა.
სანამ ამიაკის მილსადენი მუშაობას არ განაახლებს, მოსკოვმა თქმა, რომ იგი უკრაინის პივდენის პორტში დასაშვები გემების რაოდენობას შეზღუდავს; თუმცა, როგორც გაეროს მონაცემები აჩვენებს, ერთ თვეზე მეტია, რაც პივდენის პორტში გემები არ შესულან.
გასულ კვირას რუსეთმა ამიაკის აღნიშნული მილსადენის ერთ-ერთი ნაწილის აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. აფეთქება მილსადენის იმ ნაწილზე მოხდა, რომელიც ხარკოვის რეგიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ხარკოვის გუბერნატორი მომხდარშi რუსულ მხარეს ადანაშაულებს.
- დამატებით, რუსეთს სურს, ქვეყანას მიეწოდოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; მოიხსნას შეზღუდვები რუსული გემების პორტებში დაშვებაზე; აღდგეს რუსული სასუქის კომპანიების ანგარიშები და ფინანსური საქმიანობა.
რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ხორბლისა და ზოგიერთი სასუქის ექსპორტი გაიზარდა; მიუხედავად ამისა, რუსული ამიაკისა და კალიუმშემცველი სასუქების ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.
კერძოდ, 2021-2022 წლებში რუსეთმა ექსპორტზე 38.1 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა; მათ შორის 30.7 ტონა ხორბალი იყო. შედარებისთვის კი 2022-2023 წლებში რუსეთიდან ექსპორტირებული მარცვლეულის რაოდენობაზე ელიან, რომ იგი 55-60 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იქნება.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსული ხორბლის ექსპორტის მთავარი ბაზრები ახლო აღმოსავლეთი და აფრიკაა.