
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს გასდის. მხარეები შიშობენ, რომ რუსეთი შეთანხმებიდან გავა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება სთხოვა; სანაცვლოდ კი მას სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, Rosselkhozbank-ის, საერთაშორისო გადახდის სისტემასთან (SWIFT) დაკავშირება შესთავაზა. ევროკავშირმა აღნიშნული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან 2022 წლის ივნისში გათიშა.
უკანასკნელი გემი, რომელიც მარცვლეულის შეთანხმების ძალით გავა ექსპორტზე, უკრაინაში, ოდესას პორტში იტვირთება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს 27 ივნისის შემდეგ ახალი გემები აღარ დაურეგისტრირებია.
პირობების შეუსრულებლობისა და რუსული საქონლის ექსპორტის შეფერხების ბრალდებით კრემლი მრავალჯერ დაიმუქრა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავა.
"საკმარისია. დასავლური სახელმწიფოები თავიანთ მოვალეობებს არ ასრულებენ. ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ შეთანხმებიდან. თუ ისინი განაცხადებენ, რომ თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ, ასეც მოიქცნენ და მაშინვე შევუერთდებით შეთანხმებას," - განაცხადა პუტინმა.
დასავლეთში პუტინის ბრალდებებს, რუსული ექსპორტის შეფერხებასთან დაკავშირებით, უარყოფენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის შეთანხმების გახანგრძლივების საკითხს "იარაღად" იყენებს: "თუ რუსეთი უკრაინასთან ამ საშინელ, აგრესიულ ომს არ დაამთავრებს, ყველაზე მცირედი, რაც მან უნდა გააკეთოს, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაა, რითაც მსოფლიოს საკვები პროდუქტები მიეწოდება," - განაცხადა ბლინკენმა.
აღნიშნულ ინიციატივას ხელი გაერო-ს, თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ივლისში მოეწერა. იგი დასავლეთისთვის მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. შეთანხმება მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა.