LIVE

საპენსიო სააგენტოს კომპანიების დაჯარიმების უფლება ექნება

15 ივლ 202316:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 467
საპენსიო სააგენტოს კომპანიების დაჯარიმების უფლება ექნება

დასაქმებულების მიერ საპენსიო შენატანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს კომპანიების დაჯარიმების უფლება ექნება.  

ამჟამად ეს უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს აქვს, პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ კი ამ მიმართულებით პასუხისმგებელი უკვე უშუალოდ სააგენტო იქნება.

ამასთან, საკანონმდებლო დონეზე ზუსტდება, რომ დაჯარიმების შემთხვევაშიც, კომპანია ვალდებულებისგან არ თავისუფლდება და დამსაქმებელმა სრულად უნდა დაფაროს გასულ პერიოდში დასაქმებულის სასარგებლოდ არასრულად გადახდილი საპენსიო შენატანები.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა, ცვლილებების მიხედვით, საპენსიო შენატანის წესის დარღვევაზე ჯარიმა ისევ 500 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი.

„გასულ პერიოდშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს საპენსიო შენატანების არასრულად განხორციელების გამო კომპანიები დაუჯარიმებია, თუმცა ამას მასშტაბური ხასიათი არ ქონია. კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ეს უფლებამოსილება უკვე ჩვენ გვექნება და იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი გაფრთხილების შემდეგაც არ შეასრულებს საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულებას, ის დაჯარიმდება. თუმცა არც სანქცია ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან და კომპანია ვალდებული იქნება, სრულად დაფაროს  გაცდენილი პერიოდის საპენსიო შენატანები“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, მათ შორის ფართოვდება საინვესტიციო მანდატი.