LIVE

შვეიცარიული კომპანია Sputnik V-ის წარმოებას იტალიაში გეგმავს

09 მარ 202110:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 600
შვეიცარიული კომპანია Sputnik V-ის წარმოებას იტალიაში გეგმავს
Carolina Cabral Fernandez/Bloomberg

Sputnik V-ის ევროპაში წარმოების პირველი შეთანხმება შედგა. შვეიცარიული ბიოფარმაცევტული კომპანია Covid-19-ის რუსულ ვაქცინას იტალიაში დაამზადებს. 

მილანის რეგიონში ვაქცინის წარმოებაზე შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მდებარე ფარმაცევტულმა კომპანიამ Adienne Pharma & Biotech-მა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.

წარმოების დასაწყებად კომპანია იტალიის მარეგულირებელი ორგანოების ნებართვას ელოდება. რუსული მხარის თანახმად, იტალიაში ვაქცინის წარმოება ზაფხულში დაიწყება.  

Sputnik V-ის მილანის რეგიონში წარმოების შესახებ შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების პირობა დადო. მან ევროპელ ლიდერებს შორის პირველმა გამოიყენა ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვის უფლება, როცა თვის დასაწყისში ავსტრალიაში გასაგზავნი AstraZeneca-ს ვაქცინები ქვეყანაში დატოვა.

ევროკავშირში Sputnik V-ის გამოყენება ჯერჯერობით ნებადართული არ არის, თუმცა ევროპის წამლების სააგენტომ გასულ კვირას განაცხადა, რომ Sputnik V-ის უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების დასადგენად შემოწმება დაიწყო, რაც ნებართვის მოპოვების გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რუსულმა ვაქცინამ საერთაშორისო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც სამედიცინო ჟურნალმა Lancet-მა შუალედური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ვაქცინა 91,6%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალესანდრო სპეციალე