
რუსეთის ნავთობის ნაკადები კლების პირველ ნიშნებს აჩვენებს მას შემდეგ, რაც ოთხი თვის წინ რუსეთმა ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადო.
Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის დასავლეთ პორტებიდან, 9 ივლისამდე, ოთხი კვირის განმავლობაში, თებერვლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, გადაზიდვები დაეცა.
ქვეყნის მასშტაბით, ზღვით გადასატანი ნავთობის ნაკადები 9 ივლისამდე კვირაში დღეში საშუალოდ 2.86 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 1 მილიონ ბარელზე მეტით შემცირებული მაჩვენებელია. ვარდნის 80% რუსეთის დასავლეთ პორტებზე მოდის. იქამდე მოსკოვმა თქვა, რომ მისი წარმოების შემცირება ბალტიის და შავი ზღვის პორტებზე აისახებოდა.
რამდენადაც ევროპაში რუსეთის მყიდველების რიცხვი შემცირებულია, ნაკადების შემცირება აისახება აზიაში ნავთობის გადაზიდვებზე, რაც იანვრის შუა რიცხვების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ნავთობის ექსპორტის შემცირებამ, კრემლის შემოსავალი შეამცირა. საექსპორტო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 29%-ით დაეცა.
ამ თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა და რუსეთმა, მსოფლიოში ნავთობის უდიდესმა ექსპორტიორებმა, ნავთობის მოპოვება კიდევ ერთხელ შეამცირეს. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ გამომუშავებას დღიურად ერთი მილიონი ბარელით, მინიმუმ ერთი თვით, ნებაყოფლობით შეამცირებს, მოსკოვმა კი დღეში 500 000 ბარელით შემცირების პირობა დადო.
რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ პირველად თებერვალში განაცხადა, რომ ის დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის ფასის შეზღუდვის საპასუხოდ, ნავთობის მოპოვებას დღეში 500 000 ბარელით შეამცირებს.
ნედლი ნავთობის მოპოვების შესახებ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანამ ივნისში დაპირებული გამომუშავების შემცირება ვერ შეძლო. ნედლი ნავთობის გამომუშავება დღეში საშუალოდ 9,599 მილიონი ბარელი იყო, რაც თებერვლის მაჩვენებელს მხოლოდ 350 000 ბარელით ჩამორჩება.
OPEC+ ქვეყნები, რომელთა შორის არიან, რუსეთი და საუდის არაბეთი, ნავთობს ფასის გაზრდის მიზნით ამცირებენ.