LIVE

სანქცირებულმა პოტანინმა Tochka იყიდა და საბანკო ბიზნესს აფართოებს

12 ივლ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
სანქცირებულმა პოტანინმა Tochka იყიდა და საბანკო ბიზნესს აფართოებს

ვლადიმერ პოტანინმა, რომელიც რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია, ამჯერად რუსეთის ციფრული საბანკო სერვისების პროვაიდერი Tochka შეისყიდა. ამგვარად, რუსეთში ოლიგარქის საბანკო ბიზნესი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.

პოტანინის მფლობელობაში არსებული მულტი-ინდუსტრიული კორპორაცია Interros-ი შეუერთდა ინვესტორთა კონსორციუმს, რომელიც Tochka-ს დაახლოებით 10%-იან წილს ფლობს.

რაც შეეხება დარჩენილ 90%-ს, იგი პოტანინმა Tochka-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული Trust Bank-ისგან გამოისყიდა. Trust Bank-სა და პოტანინის Interros-ს შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა; საბოლოოდ კი, ხელშეკრულება 2023 წლის მესამე კვარტალში დამტკიცდება.

Tochka ციფრული ბანკია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესების კრედიტორია და ჯამში 600 000 კლიენტი ჰყავს. მისი 90.01%-იანი წილი პოტანინის Interros-მა 41.5 მილიარდ რუბლად ($453 მილიონი) იყიდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პოტანინის რიგით მესამე მსგავსი მსხვილი გარიგებაა. ომის დაწყებისთანავე პოტანინმა შეიძინა რუსულ Rosbank-ში ფრანგული კომპანია Societe Generale-ის წილი. აღსანიშნავია, რომ ეს მოჰყვა Societe Generale-ის სურვილს, გასულიყო რუსეთიდან.

პოტანინის მომდევნო ერთ-ერთი უმსხვილესი შესყიდვა იყო რუსული ბანკის, Tinkoff-ის, 35%-იანი წილი. აღნიშნული წილი პოტანინმა Tinkoff-ის მფლობელისგან, რუსი მილიარდერისგან, ოლეგ ტინკოვისაგან იყიდა.

ვლადიმერ პოტანინი დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქონების მფლობელია. მას შემდეგ, რაც Rosbank-ის წილი შეისყიდა, ბრიტანეთმა პოტანინს სანქციები დაუწესა. 2022 წლის ბოლოს პოტანინი აშშ-ის სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა. 

Bloomberg-ის მილიონერთა ინდექსის თანახმად, პოტანინის ქონება $28.4 მილიარდს შეადგენს. ვიდრე კრემლი უკრაინაში ომს დაიწყებდა, ოლიგარქის მთავარი აქტივი რუსეთში წიაღისეულის მომპოვებელ კომპანია Norilsk Nickel-ში იყო. აღნიშნული კომპანია პოტანინმა ჯერ კიდევ 1995 წელს შეიძინა, თუმცა დღესდღეობით იგი კომპანიაში წილის მესამედს ფლობს.