
ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. სემეკის მონაცემებით, დღეისთვის სისტემაში ჩართულია 870 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
კერძოდ, “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 256 ელექტროსადგური, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 614 ელექტროსადგური.
ბოლო მონაცემებით, ქსელში ჩართული სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 47 მეგავატი შეადგინა.
საქართველოში ნეტო აღრიცხვის პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა. სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაიკმაყოფილონ საკუთარი მოხმარება, დაზოგონ კომუნალური ხარჯები, და მიიღონ სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან.
უფრო დეტალურად, ნეტო აღრიცხვა არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.
თუ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას. ნეტო აღრიცხვით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბნის, დასახლების ან/და სოფლის მაცხოვრებლებს და არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას.