
Louis Vuitton-ის სტილში შექმნილი მიკროსკოპული ხელჩანთა, რომლის ზომაც 657x222x700 მიკრონია, 63 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ჩანთის დანახვა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია.
ჩანთა მოყვითალო-მომწვანო ფერისაა და Louis Vuitton-ის დიზაინს ეფუძნება, თუმცა იგი არა თავად ძვირადღირებულმა ფრანგულმა ბრენდმა, არამედ ნიუ-იორკის დიზაინერთა ჯგუფმა, MSCHF-მა შექმნა.
ბრუკლინში დაფუძნებული გუნდი MSCHF, რომელიც თავის ნამუშევარს "მიკროსკოპულ ხელჩანთას" უწოდებს, ამტკიცებს, რომ ჩანთა საკმარისად ვიწროა ნემსის ყუნწში გასაძვრენად და იგი ზომაში ზღვის მარილის კრისტალზე უფრო პატარაა.
ჩანთა დამზადდა ორფოტონიანი პოლიმერიზაციის გზით; აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს წარმოების ტექნოლოგიას, რომელიც მიკრო მასშტაბის პლასტმასის ნაწილების 3D ბეჭდვისას გამოიყენება.
ჩანთის დეტალურ დიზაინს მხოლოდ სარეკლამო ფოტო გვიჩვენებს. სწორედ ამ ფოტოზე ჩანს Louis Vuitton-ის ნიშანი LV. თავად ჩანთა კი ფრანგული ბრენდის ერთ-ერთი მოდელის, OnTheGo-ს, ასლია. აღსანიშნავია, რომ MSCHF-ის კრეატიულ დირექტორს, კევინ ვისნერს, Louis Vuitton-ისგან ნებართვა სახელის გამოყენებაზე არ მიუღია. ჩანთის შემქმნელებს ნებართვა საერთოდ არ უთხოვიათ.
საინტერესო, თუ როგორც ხსნის მიკროსკოპული ხელჩანთის იდეას თავად MSCHF: ჯგუფის თქმით, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში მცირე ზომის ჩანთებისადმი სიყვარულმა ამ ნივთებს პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობა დაუკარგა; ისინი უფრო მეტად ბრენდების სახეს წარმოადგენენ.
MSCHF-ის განცხადებით, პატარა ტყავის ხელჩანთაც კი საჭიროებს ტარებას, რის გამოც იგი პრაქტიკულად უფუნქციო და სატარებლად მოუხერხებელი ხდება. "მიკროსკოპულმა ჩანთამ" ეს ლოგიკა გაითვალისწინა. პრაქტიკული ნივთი კი ფუფუნების საგნად იქცა.