
MSCHF-ის კრეატიული გუნდი "სატანის ფეხსაცმლისა" და ცნობილი "დიდი წითელი ჩექმების" შემდეგ, საზოგადოებას უმცირეს აქსესუარს - მიკროსკოპული ზომის ჩანთას სთავაზობს.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩანთა, რომლის ზომა 657x222x700 მიკრონია, გამჭვირვალე პლასტიკისგან არის დამზადებული. ის ზღვის მარილის კრისტალზე პატარაა და ნემსის ყუნწშიც კი ეტევა.
ჩანთა Louis Vuitton-ის მოდელის OnTheGo-ს ასლია, თუმცა MSCHF-ს მის შესაქმნელად ფრანგული სახლისგან ნებართვა არ მიუღია, ამიტომ ჩანთა ძვირადღირებულ ბრენდთან კოლაბორაციის შედეგი არ არის.
MSCHF-ის განმარტებით, ჩანთა უფრო ხელოვნების ნიმუშია, ვიდრე რეალური აქსესუარი. ამ ფორმით კომპანიას სურს, ხაზი გაუსვას ტენდენციას, თუ როგორ იქცევა პრაქტიკული ნივთი ბრენდის და შესაბამისად, სტატუსის გამოხატვის საშუალებად.
"იმის გამო, რომ ისეთი ოდესღაც ფუნქციური ნივთი, როგორიც ხელჩანთაა, უფრო და უფრო პატარავდება, მისი სტატუსი მეტად აბსტრაქტული ხდება და უბრალოდ ბრენდის აღმნიშვნელად იქცევა. პრაქტიკული საგანი გარდაიქმნება სამკაულად. მისი ყველა ნაგულისხმევი ფუნქცია იშლება. ძვირადღირებული ნივთების ფუნქციურად გამოყენება ანგელოზების ხვედრია", - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ პრესრელიზში.
უნიკალური ჩანთა პარიზში, გალერეა Matignon-ში, 20 ივნისიდან 24 ივნისამდე გამოიფინება, მოგვიანებით კი Pharrell Williams-ის აუქციონის სახლი JOOPITER მას აუქციონზე გაიტანს. ამ დროისთვის ნივთის საწყისი ფასი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ როგორც საკოლექციო ნივთი, ის მაღალ ფასად გაიყიდება.
MSCHF-ი ბრუკლინში დაფუძნებული მცირე კომპანიაა, რომელმაც ვირუსული ხრიკებით და სკანდალური ნაბიჯებით გაითქვა სახელი.