LIVE

Amazon-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმე აღიძვრება

02 ივლ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 405
Amazon-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმე აღიძვრება

აშშ-ს ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი, უახლოეს კვირებში, Amazon-ის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას გეგმავს. ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) კომპანიას ბრალს სდებს, რომ Amazon-ი საკუთარ პლატფორმაზე იმ ონლაინ მოვაჭრეებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც მის ლოგისტიკურ მომსახურებას იყენებენ.

სავაჭრო კომისია საჩივარს რამდენიმე თვეა ამუშავებს და ძირითადი დეტალების დასრულებისთანავე აღძრავს საქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საქმესთან დაახლოებულ წყაროებზე და საგამოძიებო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, კომისიამ შეაგროვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპანია ბოროტად იყენებს საკუთარ ძალაუფლებას და არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იმ მერჩანტებს, რომლებიც Amazon-ის საწყობის, გადაზიდვის ან სარეკლამო სერვისებით არ სარგებლობენ. არადა, კომპანიებს ასეთი მომსახურების გამოყენების ვალდებულება არ გააჩნიათ და Amazon-ს მხოლოდ თითოეული გაყიდული პროდუქტისთვის უხდიან საკომისიოს. სააგენტო ასევე იკვლევს ამაზონის ალგორითმს, რომელიც ირჩევს თუ რომელ მერჩანტს მიანიჭოს ვებგვერდზე “Buy Box-ის“ ფუნქცია, რაც მომხმარებლის მიერ პროდუქციის კალათაში დამატებას გულისხმობს ერთი დაწკაპუნებით. საგულისხმოა ისიც, რომ Amazon-მა ბოლო წლებში თითოეული გაყიდული ნივთის საკომისიო გააძვირა, რამაც 2022 წელს 50%-ს გადააჭარბა.

ახალი სარჩელი კიდევ ერთი დამატება იქნება Amazon-ის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აღძრულ საქმეებზე. ერთ-ერთი დავის საფუძველზე FTC-მა თვის დასაწყისში Amazon-ს $30 მილიონამდე ჯარიმის გადახდა დააკისრა. დავა ორ შემთხვევას მოიცავდა -  კარის ვიდეოზარის Ring-ის მოწყობილობის საშუალებით თანამშრომლების მიერ მომხმარებელთა თვალთვალს, ვიდეოების ჩაწერას და მესამე პირზე გაცემას; მეორე კი Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის Alexa-ს მიერ ბავშვების ხმოვანი ჩანაწერების შენახვას, მიუხედავად მშობლების საპირისპირო მოთხოვნისა. 

ანტიმონოპოლიურ საქმეზე კომისია დიდი ხანია მუშაობს. Amazon-მა კი გამოძიების შესახებ პირველი შეტყობინება 2019 წელს მიიღო. კომისიის ხელმძღვანელად ლიზა ხანის დანიშვნის შემდეგ FTC-მა მსხვილ ტექნოლოგიურ ფირმებზე კონტროლი გააძლიერა. კომისიას აქტიური საჩივრები აქვს Alphabet-ის Google-ის, Meta-ს და Apple-ის წინააღმდეგ.