LIVE

WHO-მ ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი კიბოს პოტენციურ მიზეზად დაასახელა

14 ივლ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
WHO-მ ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი კიბოს პოტენციურ მიზეზად დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კომიტეტმა დაადგინა, რომ პოპულარული ხელოვნური დამატკბობელი, ასპარტამი შესაძლოა, კიბოს იწვევდეს

ორგანიზაციის განმარტებით, ეს აღნიშვნა არ ნიშნავს, რომ პოპულარული დიეტური გაზიანი სასმელები, რომლებშიც ეს დამატკბობელია გამოყენებული, კიბოს იწვევს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიერ განხილული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, არსებობდეს სავარაუდო კავშირი ასპარტამსა და ღვიძლის კიბოს შორის, მაგრამ მეცნიერები პირდაპირ და გადაჭრით ვერ ადასტურებენ, რომ მისი გამოყენება კიბოს იწვევს. შესაბამისად, უცვლელი რჩება WHO-ს გაიდლაინები ასპარტამის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კიბოს კვლევის  საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ივნისში დამატკბობლის პოტენციური კანცეროგენური ეფექტის გასაანალიზებლად 1 300 კვლევა შეაფასა. 

"ასპარტამი" აქტიურად გამოიყენება მრავალ პროდუქტში, მათ შორის, პოპულარულ გაზიან სასმელებში: Coke Zero Sugar, Diet Coke, Sprite Zero, Pepsi Zero Sugar და Mountain Dew Zero Sugar და Mars' Extra საღეჭ რეზინებში.  

ასპარტამი ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ საკვებ დანამატად მიიჩნევა. ბევრმა მარეგულირებელმა ორგანომ, როგორიცაა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია, არაერთხელ თქვა, რომ ასპარტამი უსაფრთხოა ადამიანისთვის, თუ ის გარკვეული გაიდლაინების მიხედვით გამოიყენება. 

"ასპარტამს" მეცნიერები წლების განმავლობაში შეისწავლიან. გასულ წელს, საფრანგეთში 100 000 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ხელოვნურ დამატკბობლებს, მათ შორის "ასპარტამს" უფრო დიდი ოდენობით მოიხმარდნენ, კიბოს განვითარების ოდნავ მაღალი რისკი ჰქონდათ.

უფრო ადრე, 2000-იანი წლების დასაწყისში იტალიის რამაზინის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თაგვებსა და ვირთხებში ზოგიერთი კიბო დაკავშირებულია "ასპარტამთან". თუმცა, პირველმა კვლევამ ვერ დაამტკიცა, რომ "ასპარტამი" კიბოს რისკს ზრდის. ასევე, არსებობს კითხვები მეორე კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. 

"ასპარტამის" გამოყენება მარეგულირებლების მიერ გლობალურად ნებადართულია. Pepsico-მ "ასპარტამი" გაზიანი სასმელებიდან 2015 წელს ამოიღო, ერთი წლის შემდეგ დააბრუნა, 2020 წელს კი ისევ ამოიღო.

გასულ თვეში WHO-მ გამოაქვეყნა გაიდლაინები, რომლებიც მომხმარებლებს ურჩევდნენ, არ გამოიყენონ შაქრის შემცველი დამატკბობლები წონაში დასაკლებად.