
ხელოვნური დამატკბობლები წონის კლებას ხელს არ უწყობს. მისმა მოხმარებამ შეიძლება დიაბეტის, გულის დაავადებებისა და სიკვდილის რისკი გაზარდოს. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად, შაქრის პოპულარულმა შემცვლელებმა, როგორიცაა სტევია, ასპარტამი და სუკრალოზა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
არსებული მტკიცებულებების სისტემატურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება არ იძლევა რაიმე გრძელვადიან სარგებელს მოზარდებში ან ბავშვებში სხეულის ცხიმის შემცირებაში. ამასთან, მიმოხილვის შედეგები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მისმა მოხმარებამ შესაძლოა გაზარდოს მეორე ტიპის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მოზრდილებში სიკვდილიანობის რისკი.
გასულ წელს საფრანგეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ დაადგინა, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი ხელოვნურ დამატკბობლებსა და კიბოს მომეტებულ რისკს შორის.
ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის, კანადის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია, დიდი ხანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნულოვანი კალორიულობის ან დაბალკალორიული შაქრის შემცვლელი პროდუქტების მიღება არც აუცილებელია და არც სასარგებლოა.