LIVE

პროფკავშირები მინიმალური ხელფასის დაწესებას ითხოვს - ეკონომისტები რისკებზე მიუთითებენ

27 ივნ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 848

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მინიმალური ხელფასის დაწესებას ითხოვს. ორგანიზაციას სურს, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი, საშუალო ხელფასის 40% იყოს, რაც მიახლოებით 636 ლარია.

არსებული კანონმდებლობით, რომელიც 1999 წელსაა მიღებული, მინიმალურ ხელფასად 20 ლარია განსაზღვრული, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა. სწორედ ამის გამო, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მინიმალური ხელფასი დაკანონებულია, ბოლო ადგილზეა, 20 ლარზე უფრო დაბალი ხელფასი მხოლოდ სიერა-ლეონეში, რუანდასა და უგანდაშია.

როგორც პროფკავშირებში ამბობენ, განსაკუთრებით უკონტროლოა ბიბლიოთეკარების, მუსიკის მასწავლებლებისა თუ მოლარე-კონსულტანტების ანაზღაურება და კვლავაც გამოწვევად რჩება კომპანიების მხრიდან ე.წ. ჯიბიდან გადახდები საშემოსავლო გადასახადის თავიდან აცილების მიზნით. პროფკავშირების გაერთიანებამ უცხოელი ექსპერტიც მოიწვია, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტია. მან "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 60%-ია, ამიტომ აუცილებელია, საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს.

"თქვენ ქვეყანაში დაწესებული მინიმალური ხელფასი აღარ პასუხობს ქვეყანაში არსებულ სიღარიბის გამოწვევებს. აქ ზუსტად იმისთვის ვარ, რომ ვესაუბრო მთავრობას, კერძო სექტორს და ასოციაციებს, რომ ერთად მოვიფიქროთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ისეთი მინიმალური ხელფასი დაწესდეს, რაც მოსახლეობისთვის იქნება ეფექტური,"- აცხადებს ILO-ს სპეციალისტი, როსალია ვასკეტალვარესი. 

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ინიციატივა არა თუ გაზრდის დასაქმებულების რაოდენობას, არამედ შესაძლოა, უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებასა და მოსახურების ფასების ზრდაში გამოიხატება.

"თუ მინიმალური ხელფასი დაწესდება, კომპანიას მოუწევს თანამშრომელს მეტი გადაუხადოს და საერთოდაც შესაძლოა შეამციროს სამუშაო ადგილები. ტექნოლოგიურ ეპოქაში კი უკვე მარტივია დასაქმებულების გარკვეული კატეგორიის ჩანაცვლებაც კი. აშშ-ს რამდენიმე შტატში, სადაც მინიმალური ხელფასი გაიზარდა, თავდაპირველი ეფექტი დასაქმებულების რიცხვის ზრდა იყო, თუმცა, მალევე ამის საპირისპიროდ, იქ ახალი რესტორნები ნაკლებად იხსნებოდა, აი, სწორედ ეს არის ეფექტი," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღები პირები დააკვირდნენ სექტორებს, საწარმოებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.  

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია კანონმდებლობის შეცვლას და მინიმალური ხელფასის დაწესებას ითხოვს. გასულ წელს პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო, თუმცა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე "ბიზნეს ფორმულას" უყვება, რომ ამჯერად მათ აქვთ მზაობა მთავრობისგან, პროცესებს კი ბიზნესთან კონსულტაციები აჭიანურებს.