ინვესტორები რუსეთში შეწყვეტილი ამბოხის ტალღოვან ეფექტს აკვირდებიან.
აჯანყების მიმდინარეობა დაემთხვა არასამუშაო დროს, რის გამოც, მოვლენებს ბაზარზე მყისიერი გავლენა არ ჰქონია.
დღევანდელ ვაჭრობაში გლობალურად ბირჟებზე აქციები დაეცა. MSCI All-World index 0.1%-ით, STOXX 600 კი 0.3%-ით შემცირდა.
ევროპულ საფონდო ბირჟებზე ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდა თავდაცვის კომპანიების, ბრიტანული BAE Systems-ებისა და საფრანგეთის Dassault Aviation-ის აქციების ვარდნას, აშშ-ში თავდაცვის კომპანიების Lockheed Martin-ისა და Northrop Grumman-ის აქციები ასევე დაეცა.
ბაზრებზე ასევე უარყოფითი გავლენა იქონია ჩინეთში გასული კვირის დასვენებების დროს გადაადგილების მაჩვენებლებმა, რომლებიც არ აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც მოსალოდნელი იყო.
ოქრო, რომელიც გეოპოლიტიკური ან ბაზრის არეულობის დროს უსაფრთხო თავშესაფრად აღიქმება, გაძვირდა. ძვირფასი მეტალის ფასი უნციაზე 0.6%-ით $1.932-მდე გაიზარდა.
აშშ-ის WTI ნავთობის ფასი ჯერ 1.3%-ით გაიზარდა, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაეცა. ამჟამად ის $69.4-ად ივაჭრება. ბრენტის ტიპის ნავთობის, საერთაშორისო საორიენტაციო ფასი, 0.6%-იანი ზრდის შემდეგ, მცირედით შეიცვალა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ახლა $74.25-ს შეადგენს. ორივე ტიპის ნავთობის ფიუჩერსები გასულ კვირას თითქმის 4%-ით შემცირდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინანსური ბაზრები ხშირად არასტაბილურობით ხასიათდებოდა, რამაც გამოიწვია ბაზრების და გლობალური ფინანსების რღვევები, რადგან ბანკები და ინვესტორები ცდილობდნენ გაჰქცეოდნენ ყველაფერს, რაც კავშირში იყო მიმდინარე მოვლენებთან.
გასულ კვირაში რუსეთში განვითარებული ამბოხის შემდეგ, ინვესტორების ყურადღება გამახვილებულია შესაძლო გავლენებზე ისეთ უსაფრთხო აქტივებზე, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდები და სასაქონლე ფასები იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გლობალურად ენერგიისა და მარცვლეულის მთავარი მიმწოდებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, სიტუაციის გაუარესება დოლარსა და იენზე დადებითად აისახება. აჯანყების ფონზე შექმნილი გაურკვევლობის შემდეგ, რუსული რუბლი მნიშვნელოვნად, 15-თვიან მინიმუმამდე გაუფასურდა. კერძოდ, რუბლი დღეს 3%-ით დაეცა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
მოსკოვის დროით, დილის 09:35 საათზე რუბლმა დანაკარგები შედარებით აღიდგინა და 1 დოლარის ღირებულებამ 85.1 რუბლი შეადგინა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრით, გასული წლის მარტში, გამოწვეული გაუფასურების შემდეგ, ყველაზე დაბალი ნიშნულია.
24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.