LIVE

Meta ევროკავშირის წესებთან შესაბამისობის სპეციალურ ტესტს ჩააბარებს

25 ივნ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 455
Meta ევროკავშირის წესებთან შესაბამისობის სპეციალურ ტესტს ჩააბარებს

Meta და ევროკავშირი სოციალური პლატფორმების გამოცდაზე შეთანხმდნენ. ე.წ. "სტრეს-ტესტს" (stress test), რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ Facebook-ი და Instagram-ი ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციასა და ბავშვებისთვის საზიანო კონტენტის გავრცელებას ებრძვიან, Meta-ს პლატფორმები ივლისში ჩააბარებენ.

ევროკავშირი უკვე რამდენიმე თვეა ამზადებს საკანონმდებლო ბაზას ტექნოლოგიური გიგანტების შესაზღუდად, რათა გაერთიანების ფარგლებში უზრუნველყოს უსაფრთხო ონლაინ სივრცე. 

რაც შეეხება ივლისში დაგეგმილ ტესტს, Meta-ს მოუწევს, აჩვენოს, რომ იგი შესაბამისობაშია ევროკავშირში მიღებული ონლაინ კონტენტის წესებთან, რომელზეც გაერთიანება ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევით მუშაობს.

"პროდუქტიული საუბარი მქონდა Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგთან მენლო პარკში, სადაც განვიხილეთ ევროკავშირის ფარგლებში მიღებული ონლაინ სივრცის წესები: DSA, DMA და AI act," - განაცხადა საკუთარი ტვიტერის გვერდზე ევროკავშირის კომისარმა ტიერი ბრეტონმა. 

ცნობისთვის, DSA ციფრული სერვისების აქტია, ხოლო DMA ციფრული ბაზრების აქტი - ორი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს ძალაში; ისინი ევროკავშირში ტექნოლოგიურ კომპანიებს უსაფრთხო ონლაინ სივრცის უზრუნველყოფის მიზნით ზღუდავენ. 

ბრეტონის ადრინდელი განცხადების თანახმად, Meta-ს მოუწევდა, ეჩვენებინა, რომ მის სოციალურ პლატფორმებზე გავრცელებული ინფორმაცია შესაბამისობაშია ევროკავშირის ფარგლებში მიღებულ წესებთან; ეს კი განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და ბავშვებისთვის საზიანო კონტენტის გავრცელების შეზღუდვას ეხება. 

სწორედ ამ მიზნით გაივლიან Facebook-ი და Instagram-ი სადემონსტრაციო ტესტს, რომელიც ევროკავშირში Meta-ს სათავო ოფისში, დუბლინში, გაიმართება

ამასთან, აღნიშნულ ტესტს ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობის დამკვირვებლობის ქვეშ გაივლის ვიდეო-აპლიკაცია TikTok-იც.