LIVE

ქეშის ეკონომიკა: უკრაინაში ომის გვერდითი ეფექტი რუსეთისთვის

09 ივლ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 685
ქეშის ეკონომიკა: უკრაინაში ომის გვერდითი ეფექტი რუსეთისთვის

უკრაინაში დაღუპული რუსი დაქირავებული მებრძოლის ოჯახი რუსეთის სახელმწიფოსგან 5 მილიონ რუბლს იღებს, რაც $60 000-ია. საინტერესოა, რომ აღნიშნული თანხა ოჯახებს ნაღდი ფულით სავსე ჩანთებით მისდით.

რუსეთში ბევრს ეუბნებიან, რომ მოერიდონ ბანკებში ფულის შეტანას. ამის გამო, მიმოქცევაში არსებული რუბლის რაოდენობა (განსაკუთრებით გასული სექტემბრის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა პუტინმა პირველი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა) რეკორდული ტემპით გაიზარდა. Bloomberg-ის მონაცემებით, სექტემბრის შემდეგ რუსებმა ჯამში 2.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს ბანკებიდან. 

მთავარი მიზეზი, რომლის გამოც რუსები გადავიდნენ უფრო მეტად ნაღდი ფულის მოხმარებაზე, საბანკო ტრანზაქციებზე დაწესებული შეზღუდვებია. რუსი ეკონომისტი ალექსანდერ ისაკოვი აღნიშნავს, რომ ნაღდი ფულის მოცულობის ზრდა ბანკების სანდოობის შემცირებაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ გაურკვეველი სამომავლო პერსპექტივების ფონზე შინამეურნეობებს ურჩევნიათ, ჰქონდეთ მეტი ქეში, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მზარდია. 

რუსული ბანკებისადმი სანდოობის შემცირების მიზეზი კი, პირველ რიგში, დასავლური სანქციებია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსული ბანკები SWIFT-ის გლობალური გადახდის ქსელიდან გაითიშნენ და რუსული ანგარიშებიდან საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულება თითქმის შეუძლებელი გახდა, ნაღდი ფული რუსებისთვის სტაბილურობის ერთადერთ გამოსავლად დარჩა. 

ნაღდი ფულის მოცულობის ზრდის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სამხედრო შეიარაღებაზე რუსული მოთხოვნის ზრდაა. ოლეგ ვიუგინი, რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, აღნიშნავს, რომ ქეშზე მოთხოვნის ახალი წყარო მიმდინარე ომია. სამხედრო ხარჯებს რუსეთი ძირითადად სწორედ ნაღდი ფულით ფარავს. 

ამრიგად, თუკი ომის დაწყებამდე რუსული ბანკები ევროპის მასშტაბით ციფრული მომსახურების ერთ-ერთ ლიდერებად ითვლებოდნენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ეკონომიკური ურთიერთობები ქეშით იწარმოება. 

"ქეშის მოცულობის წრდა წარმოაჩენს ბიზნესის მიერ რისკების შეფასებისა და ეკონომიკური გაურკვევლობის შედეგებს. მთავარი მიზეზი სწორედ ესაა," - განაცხადა სერგეი დუბინინმა, 1995-1998 წლებში რუსეთის ცენტრალური ბანკის ლიდერმა.