LIVE

რა ვითარებაა რიკოთის ავტომაგისტრალზე?

23 ივნ 202314:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 695

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რიკოთის უღელტეხილი უსაფრთხოა და ჩამოწოლილი მიწა მაგისტრალის მშენებლობას არ უკავშირდება, ამ მომენტისთვის გზა გახსნილია და არანაირი შეფერხება არაა.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რიკოთზე მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, რასაც მათი თქმით, ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუმილიც ამყარებს.

ამ დრომდე არც ერთი უწყება არ ავრცელებს დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაშია ავტობანი, რა ეტაპზეა საინჟინრო სამუშაოები ან როდიდან შეიძლება მოიხსნას საათობრივი გადაადგილების რეჟიმი. ამას ემატება ისიც, რომ მნიშვნელოვნად ფერხდება ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი მგზავრების გადაადგილება. 

"ყველაფერი ბურუსით არის მოცული, გზების დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან აქტიურად აფარებს ხელს ყველა იმ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა გამოჟონოს. ჯერ-ჯერობით ექსპერტები არიან წყაროების დადგენის და მოკვლევის ფაზაში, სიტუაცია არის საგანგაშო, ამაზე ასე ღიად არავინ ლაპარაკობს, მაგრამ სიტუაცია მძიმეა",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას თაზო დადუნაშვილი, "ლელო საქართველოსთვის" წევრი. 

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები, რომლებსაც ყოველდღიურად აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავთ, ამბობენ, რომ საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზა მარშრუტს საათ-ნახევრით აგრძელებს.

"ზოგიერთს ფრენაზე აგვიანდება, გზა ისე გვიგრძელდება 3 საათიც კი გვჭირდება ხოლმე, შემოვლითი გზა დატვირთვას ვერ უძლებს. რიკოთის პრობლემა რომ გაჩნდა, მაშინვე უნდა მოეწესრიგებინათ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე.

"ბიზნეს ფორმულა" საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი კითხვაზე, ვინაა ჩართული რიკოთის უღელტეხილზე არსებული მეწყრული პროცესების გამოსწორებაში - უწყებას არ აქვს.