2023 წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილები საქართველოსთვის როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო მიმართულებით პირველ ადგილს იკავებდა.
უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 85.4%-ით გაიზარდა. 5 თვის მონაცემებით, ავტომობილები ქვეყნის მიერ იმპორტირებული უმსხვილესი კატეგორიაა, რაზეც 1 მილიარდ 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მსუბუქ ავტომობილებზე საქართველოს მთლიანი იმპორტის 17.3% მოდის.
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტის მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებს, ლიდერია აშშ, საიდანაც 5 თვის მონაცემებით, იმპორტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორების ხუთეული ასე გამოიყურება:
- აშშ - $543 მლნ/ 45 675 ერთეული;
- იაპონია - $169 მლნ/ 6 154 ერთეული;
- გერმანი - $112 მლნ/ 5 336 ერთეული;
- თურქეთი - $47 მლნ/ 1 328 ერთეული;
- უკრაინა - $24 მლნ/ 338 ერთეული.
იანვარ-მაისში მნიშვნელოვნად, 316.2%-ითაა გაზრდილი საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. 5 თვეში ავტომობილების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 795 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით საექსპორტო საქონლის ათეულში ავტომობილები პირველ ადგილზეა. მსუბუქ ავტომობილებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 31.8% მოდის.
საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების ძირითადი სარეალიზაციო ბაზრები შემდეგია:
- აზერბაიჯანი - $189 მლნ/ 12 916 ერთეული;
- ყაზახეთი - $186 მლნ/ 10 894 ერთეული;
- ყირგიზეთი - $181 მლნ/ 4 571 ერთეული;
- სომხეთი - $149 მლნ/ 8 296 ერთეული;
- რუსეთი - $41 მლნ/ 2 943 ერთეული.