
სირიის დასახმარებლად 5.6 მილიარდი ევრო ($6.13 მილიარდი) გამოიყოფა. ამის შესახებ საერთაშორისო დონორებმა მიმდინარე კვირას ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს.
ეს თანხა მოხმარდება სირიის ღარიბი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით კიდევ უფრო მეტად გაუარესდა.
აღნიშნული თანხიდან 4.6 მილიარდი ევრო 2023 წელზეა გათვლილი, ხოლო დარჩენილი 1 მილიარდი ევრო - 2024 წელს განაწილდება. დახმარებას სირიასა და, ამასთან, მეზობელ ქვეყნებში მყოფი სირიელი ლტოლვილები მიიღებენ.
ყველაზე დიდი დონორი ევროკავშირია. იგი ჯამში 3.8 მილიარდ ევროს გამოყოფს: აქედან 2.1 მილიარდი ევრო ევროკომისიაზე მოდის, ხოლო დარჩენილი 1.7 მილიარდ ევროს წევრი სახელმწიფოები გამოყოფენ.
"როგორც სირიელი ხალხის უდიდესი დონორი, ევროკავშირი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილას დარჩება," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ სირიელი ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ გართულდა. მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარმა მიწისძვრამ კი იგი უფრო მეტად გააუარესა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ინფორმაციით, 2011 წლიდან დაწყებული დაახლოებით 14 მილიონი სირიელი იქცა ლტოლვილად. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.