
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა. ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად იზრდება დაღუპულთა რიცხვიც. BBC-ის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად, 15000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ თურქეთში დანგრეულია 6000-ზე მეტი შენობა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (SGS) ცნობით, მიწისძვრა 18 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა და მისი ცენტრი სამხრეთ თურქეთში, სირიის ჩრდილოეთ საზღვართან იყო.
პირველი მიწისძვრის შემდეგ ორ ქვეყანას მრავალი ბიძგი დაატყდა თავს. USGS-ის მკვლევარი გეოლოგის, ალექს ჰატემის თქმით, პირველი 11 საათის განმავლობაში, რეგიონში სულ მცირე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის 13 მნიშვნელოვანი ბიძგი იგრძნობოდა.
პირველი მიწისძვრიდან 9 საათში თურქეთში კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ეს მიწისძვრები ერთმანეთთან კავშირშია.
"რა თქმა უნდა, მოსალოდნელია მეტი ბიძგები, ძირითადი დარტყმის ზომის გათვალისწინებით. ველით, რომ შემდგომი ბიძგები გაგრძელდება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში", - ამბობს ჰატემი.
მიწისძვრა მოხდა სეისმურად აქტიურ ზონაში, რომელიც ცნობილია როგორც აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის ზონა, რომელსაც დამანგრეველი შედეგები წარსულშიც გამოუწვევია.
მეცნიერების თქმით, თითქმის მთელი თურქეთი სეისმურად აქტიურია და ეს არ არის ახალი ამბავი ამ ქვეყნისთვის.
რა იწვევს ამ საშინელ მოვლენებს დედამიწაზე?
დედამიწის ქერქის მონაკვეთები, რომლებიც ტექტონიკური ფილების სახელითაა ცნობილი, დედამიწის მანტიაზე ფაზლისებურად არის განლაგებული. ისინი მუდმივად მოძრაობენ. როდესაც ორი ფილა ერთმანეთს შეეჩეხება, ხდება მიწისძვრა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ანატოლიის რღვევა სამი ფილის: ანატოლიური, არაბული და აფრიკული ფილების კვეთაზეა.
ეს მიწისძვრა ამ რეგიონში აღრიცხულ მიწისძვრებს შორის ყველაზე ძლიერია. პირველმა მიწისძვრამ 10-დან 7.8, ხოლო მეორემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები დიდ ბრიტანეთშიც იგრძნობოდა.
რამდენად ხშირია მიწისძვრები ამ რეგიონში?
2020 წელს თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი - 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
1999 წელს 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სტამბოლის მახლობლად და დაახლოებით 18000 ადამიანი დაიღუპა.
რატომ იყო ეს მიწისძვრა ასე დამანგრეველი?
მიწისძვრა ძლიერი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ხმელეთზე მოხდა. ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის სეისმოლოგის, მარგარიტა სეგუს თქმით, როგორც წესი, ძალიან ძლიერი მიწისძვრები წყალქვეშ ხდება.
გარდა ამისა, მიწისძვრა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის მთავარ ქალაქსა და პროვინციის დედაქალაქ გაზიანთეპთან იყო.
USGS სტრუქტურული ინჟინრის, კიშორ ჯაისვალის თქმით, დაზარალებულ რეგიონებში ასევე იყო დაუცველი შენობები.
ახალი შენობები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სტამბოლი, აშენებულია მიწისძვრის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. ჯაისვალი ამბობს, რომ სამხრეთ თურქეთის ამ მხარეში ბევრი ძველი მაღლივი შენობაა.
ამასთან, მკვლევრები ამბობენ, რომ სირიაში მშენებლობის სწრაფი ტემპი, რომელსაც ომები ემატება, შენობებს ასევე დაუცველს ხდის.
სამაშველო სამუშაოებს აფერხებს ყინვა და საცობები, რომელსაც ქმნის მოსახლეობის ნაკადი, რომელიც ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.