
Nike-ი MSCHF-ს ე.წ "სატანის ფეხსაცმლის" შექმნისთვის უჩივის, რომელიც Nike Air Max 97-ის მოდიფიცირებული ვერსიაა და კომპანიის ლოგოს ატარებს. ფეხსაცმელი ამერიკელ პოპ არტისტ, Lil Nas X-თან კოლაბორაციაში შეიქმნა, რომელიც თავის ჯოჯოხეთის თემატიკის უახლეს ვიდეოში, სატანის კალთაზე ცეკვავს.
Nike-ის ცნობილი ლოგოს გარდა, სპორტული ფეხსაცმლის ამ ვერსიაზე დატანილია პენტაგრამა, ასევე წარწერა: Luke 10:18, რომელიც ლუკას სახარების რეფერენსია. ჰაერის ბუშტში კი, რომელიც ფეხსაცმლის ძირზეა განთავსებული, ხილვადი წითელი სითხეა მოქცეული. სითხე სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ადამიანის სისხლსაც შეიცავს.
გაყიდვაში ფეხსაცმლის ზუსტად 666 წყვილი ჩაეშვა და მთლიანი გამოშვება ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ფეხსაცმლის ფასმა 1 000 დოლარს გადააჭარბა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ყველაფერმა ინტერნეტის რისხვა გამოიწვია, რომელიც არა ფეხსაცმლის მწარმოებელ MSCHF-ის მისამართით, არამედ Nike-ის წინააღმდეგ გავრცელდა. სპორტული ფეხსაცმლის გიგანტს, რომელსაც ამ მოდელთან საერთო არაფერი აქვს, ბოიკოტი ემუქრება.
კომპანია სარჩელში ამტკიცებს, რომ არაავტორიზებულმა "სატანის ფეხსაცმელმა" შეიძლება დაბნეულობა და მცდარი ასოციაცია გამოიწვიოს MSCHF-ის პროდუქტებსა და Nike-ს შორის.
MSCHF-ი ბრუკლინში დაფუძნებული მცირე კომპანიაა, რომელმაც ვირუსული ხრიკებით და სკანდალური ნაბიჯებით გაითქვა სახელი. კომპანიაში სულ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფან ელ კარტერი