
Instagram-ს, YouTube-ს, TikTok-სა და Twitter-ს ევროკავშირში კრიპტო აქტივების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაცია (BEUC) უჩივის. აღნიშნული სოციალური პლატფორმების საქმიანობაში შესაძლოა ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოები ჩაერიონ.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტობირჟებს - Coinbase-სა და Binance-ს - წესების დარღვევისთვის უჩივლა, კრიპტო აქტივების მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი საკითხი გახდა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა გასულ თვეს კრიპტო სექტორის დასარეგულირებლად მსოფლიოში პირველი საკანონმდებლო ბაზა MiCa მიიღო.
BEUC-მა საჩივარში განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებზე კრიპტო აქტივების შეცდომაში შემყვანი რეკლამები ვრცელდება, რაც უსამართლო კომერციული პრაქტიკაა, რადგან იგი მომხმარებლებს სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს. ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რისკები, რომ მომხმარებლებმა დიდი რაოდენობით ფული დაკარგონ; ეს კი ზოგჯერ რეკლამირების გზით ხდება. ორგანიზაცია მომხმარებელთა დაცვის მიზნით კრიპტო სექტორის უფრო მკაცრად დარეგულირებას მოითხოვს.