LIVE

BBC: რატომ ტოვებენ ადამიანები რუსეთს და სად მიდიან?

06 ივნ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
BBC: რატომ ტოვებენ ადამიანები რუსეთს და სად მიდიან?

BBC რუსეთიდან მოსახლეობის გადინებას კვლავ ეხმიანება. გამოცემის თანახმად, ქვეყნიდან ასობით ათასიდან რამდენიმე მილიონამდე ადამიანი წავიდა. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსები ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებამდეც ტოვებდნენ. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც მოსკოვის მიერ ყირიმის 2014 წლის ანექსიას და ახალ კანონებს არ ეთანხმებოდა. მათგან ბევრი საცხოვრებლად ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში გადავიდა.

მიგრაცია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს გასული თვის შეფასებით, გასულ წელს რუსეთი 1.3 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ჟურნალი Forbes რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი 600 000-დან 1 მილიონამდეა.

2020 წლის დასაწყისის პანდემიამდელ დონესთან შედარებით, 2022 წელს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.

BBC წერს, რომ რუსეთიდან წასვლა შედარებით მარტივია ადამიანებისთვის, ვისაც ფული აქვს და ჯარში გაწვეული არ არის, მაგრამ მუდმივი ადგილის პოვნა მაინც რთულია.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ბევრმა ქვეყანამ (ძირითადად ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა) ვიზების გაცემა გაართულეს რუსებისთვის. საქართველო იმ ქვეყნებში მოხვდა, ვისაც მსგავსი შეზღუდვები არ დაუწესებია. 

"ბევრ სხვა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო და სომხეთი, რუსებს არ ჰქონდათ მსგავსი შეზღუდვები და შეეძლოთ შესვლა და გასვლა ისე, როგორც მოესურვებოდათ. მათ ეს ჯერ კიდევ შეუძლიათ.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ყაზახეთმა, ამ წლის დასაწყისში, როგორც ცნობილია, რუსი ემიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად კანონში ცვლილება შეიტანეს დათქმით, თუ რამდენი დღე შეეძლებათ მათ ქვეყანაში ტურისტებად დარჩენა", - აღნიშნულია სტატიაში. 

იმის გამო, რომ ხშირად ისინი რუსეთში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ, ისინი უფრო და უფრო აქტიურად ითხოვენ ბინადრობის უფლებას იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ.

გამოცემის ინფორმაციით, გასული 15 თვის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში, ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 155 000-მა რუსმა მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი თითქმის რუსეთის 17 000-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც მოთხოვნა მხოლოდ 2 000-ს დაუდასტურდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2022 წელს უცხოური პასპორტებისთვის მიმართვიანობა 40%-ით გაიზარდა. 

სოციოლოგები, რომლებიც რუსეთიდან მოქალაქეების ამჟამინდელ გადინებას სწავლობენ, აცხადებენ, რომ ქვეყანას უფრო ახალგაზრდები, მეტად განათლებულები და მდიდრები ტოვებენ. ამასთან, ისინი უფრო ხშირად დიდი ქალაქებიდან არიან.

რას ნიშნავს გადინება რუსეთისთვის?

რუსეთი შეეცადა, რომ ასიათასობით განათლებული და მდიდარი ადამიანის, ფულთან ერთად, გადინების გავლენა შეემცირებინა, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ამან ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 

რუსეთის უდიდესი კერძო ბანკის, Alfa Bank-ის შეფასებით, ქვეყანა შესაძლოა სამუშაო ძალის 1.5%-ს დაეტოვებინა. უმრავლესობა, ვინც ქვეყანა დატოვა, მაღალკვალიფიციური კადრია. კომპანიები დასაქმებულების დეფიციტზე და კადრების აყვანის სირთულეებზე წერენ. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშით, ომის დასაწყისში რუსებმა თავიანთი ანგარიშებიდან რეკორდული ოდენობის, 1.2 ტრილიონი რუბლი ($15 მილიარდი) გაიტანეს. ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

გამოცემა ციტირებს რუსეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომისტს, სერგეი სმირნოვს, რომელიც ამბობს, რომ მაღალკვალიფიციური პირები ქვეყნიდან გასვლის გზების ძიებას განაგრძობენ.

შსს-ის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობდა. ერთ წელში ქვეყანაში რუსეთის 1 459 541 მოქალაქე შემოვიდა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.

TBC Capital-ის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული მიგრანტების 35% საქართველოში დარჩენას 2 წელზე მეტხანს აპირებს.