LIVE

უკრაინის განცხადებით, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას არღვევს

02 ივნ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
უკრაინის განცხადებით, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას არღვევს

უკრაინის განახლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხუთშაბათს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება კვლავ შეჩერდა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის პივდენის პორტში გემების შესვლის შეზღუდვაა. 

გაეროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეები უკვე გააფრთხილა, რომ იგი შეზღუდავდა გემების რეგისტრაციას პივდენის პორტში, რომელიც ოდესის პროვინციას ეკუთვნის, მანამ სანამ მხარეები რუსული ამიაკის ტრანზიტის განბლოკვაზე არ დათანხმდებიან. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის დაიდო. შეთანხმების მიზანია, მიმდინარე ომის პირობებში უზრუნველყოს საკვები პროდუქტების უკრაინიდან და რუსეთიდან ევროპისათვის უსაფრთხო მიწოდება. აღსანიშნავია, რომ უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური ექსპორტიორია. შეთანხმება დადების შემდეგ რამდენჯერმე, მათ შორის უკანასკნელად მაისში, გახანგრძლივდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გავა, თუკი რუსული საქონლის ექსპორტს დაბრკოლებები არ მოეხსნება. 

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა აპრილის შუა რიცხვებიდან "არაგონივრულად შეზღუდა" შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების მუშაობა. უკრაინის თქმით, 50 გემი კვლავ ელოდება ინსპექტირებას თურქეთის ტერიტორიულ წყლებში; აღნიშნული გემებით საზღვარგარეთ კი 2.4 მილიონი ტონა უკრაინული სურსათი უნდა გავიდეს. ზოგიერთი გემი უკვე სამ თვეზე მეტია, რაც შემოწმებას ელოდება. 

ამასთან, უკრაინამ გააკრიტიკა რუსეთის მიერ ოდესის უდიდესი პორტის, პივდენის, ბლოკირება. რუსული მხარე წარსულში უარყოფდა რაიმე სახის დარღვევას, თუმცა ამასთან იგი შეთანხმების შეჩერებით ხშირად იმუქრებოდა და მხარეებს რუსული პროდუქტისთვის ექსპორტის შეზღუდვაში ბრალს სდებდა. 

უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კიევი განიხილავს რუსული ამიაკის ტრანზიტის დაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება უკრაინული პროდუქტის ექსპორტის გაზრდისთვის გაფართოვდება.